ზვიად შალამბერიძე „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სამუშაო პროცესს გაეცნო
ზვიად შალამბერიძე „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სამუშაო პროცესს გაეცნო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ეწვია და სამუშაო პროცესს გაეცნო.

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პანდემიის პირობებში აღნიშნული საწარმოს მუშაობა დღეს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია.

მისივე შეფასებით, კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს დასაქმებულებზე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ასრულებს.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რომ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ასეთმა საწარმოებმა და ყველა ორგანიზაციამ და კომპანიამ გააგრძელოს მუშაობა და იმუშაოს სრული დატვირთვით. ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილებს ვინარჩუნებთ და ვმუშაობთ ისეთ რეჟიმში, სადაც უნდა იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და უნდა იყოს მორგებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. აქ დასაქმებული თითოეული ადამიანის როლი და წვლილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის წინსვლაში განსაკუთრებით ასეთ დროს და მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტზე დღეს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ტარდება, შენობებთან, დამონტაჟებულია ანტისეპტიკური მოწყობილობები, ტერიტორია სველი წესით მუშავდება.
დასაქმებულები აღჭურვილები არიან რესპირატორებითა და სამედიცინო ხელთათმანებით, ყოველდღიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგის პროცესი, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სასადილოების მუშაობა დროებით შეიზღუდა და დასაქმებულთათვის საკვების მიწოდება მშრალი ულუფების სახით ხდება, დასაქმებულთა სამუშაო ადგილებამდე უსაფრთხო გადაყვანისთვის კომპანიამ დამატებით ავტოტრანსპორტი გამოყო, რაც შესაძლებლობას იძლევა, თანამშრომლებმა სოციალური დისტანცია დაიცვან.

„COVID19-ის გამო დღეს მსოფლიო და საქართველო რთული გამოწვევის წინაშე დგას. ერთის მხრივ, ქვეყანა უხილავ მტერს, ვირუსს ებრძვის, მეორეს მხრივ კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის გადარჩენა. ამ ფონზე, აუცილებელია, „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო პროცესის შეუფერხებელი და უწყვეტი მუშაობა და ჩვენ ეს შევძელით. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენი კომპანიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, თავდაუზოგავად მუშაობენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს”, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. მას ამჟამად, ჯამში, დასაქმებული ჰყავს 5 000-ზე მეტი ადამიანი, ასევე 2000-მდე კონტრაქტორი პირი. დღეს კომპანიას თავისი წილით ქვეყნის მთლიან ექსპორტში მესამე ადგილი უჭირავს და ქვეყანაში სავალუტო მასის შემოდინებაში უმნიშვნელოვანესი წილი უკავია.

ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.