ზვიად შალამბერიძე - იმერეთის რეგიონში საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებზე დეფიციტი არ იქნება
ზვიად შალამბერიძე - იმერეთის რეგიონში საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებზე დეფიციტი არ იქნება

იმერეთის რეგიონში საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებზე დეფიციტი არ იქნება,- ეს განცახდება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გააკეთა, რომელიც დღეს ზესტაფონის აგრარულ ბაზარში იმყოფებოდა.

ზვიად შალამბერიძე დაინტერესდა, გაიზარდა თუ არა პროდუქტებზე ფასები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ასევე, როგორ სრულდება საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტარდება თუ არა აგრარულ ბაზარში სადენზიფექციო სამუშაოები.

სახელმწიფო რწმუნებული ადგილზე რამდენიმე მოვაჭრეს გაესაუბრა და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მათგან მოისმინა.

„ვაგრძელებთ მონიტორინგს იმერეთში, როგორც მაღაზიებისა და საცხობების, ასევე საკოლმეურნეო ბაზრების, რომლებსაც აქვთ მუშაობის საშუალება საგანგებო მდგომარეობის პირობებში და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ იმას, რომ დაცული იყოს ყველა ნორმა უსაფრთხოების – რა სიხშირით ხორციელდება სადენზიფექციო სამუშაოები, არიან თუ არა მოვაჭრეები შესაბამისად აღჭურვილი, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ვირუსის გავრცელების რისკი“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ზვიად შალამბერიძესთან ერთად ბაზარში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ვითარებას დღის განმავლობაში აკონტროლებენ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის მასშტაბით პროდუქტების მარაგს, ფასებსა და პრევენციულ ღონისძიებებს რამდენიმე დღეა, პირადად ეცნობა.