ზვიად შალამბერიძე – გია ბარამიძის უტიფრობა კიდევ უფრო შორს წავიდა და შეეცადა, თავისი განცხადება გაემართლებინა, იმის ნაცვლად, რომ მოგვესმინა ბოდიში ან თავისივე სიტყვების უარყოფა

13:49, 07.08.2026

ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, სადღაც ზღვარი უნდა არსებობდეს ამ აგენტურის მოღალატეობრივი ნაბიჯების, მაგრამ გია ბარამიძის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ მათთვის ღალატის ზღვარი არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

შალამბერიძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

შალამბერიძის თქმით, რა თქმა უნდა, მისი განცხადება შეურაცხმყოფელია ჩვენი მებრძოლების, რომლებიც იმ პერიოდში, აფხაზეთის ომში მონაწილეობას იღებდნენ.

„მისი უტიფრობა კიდევ უფრო შორს წავიდა და შეეცადა, რომ მისი განცხადება გაემართლებინა, იმის ნაცვლად, მისგან მოგვესმინა ბოდიში, ან მისი სიტყვების უარყოფა. უკვე მან ქართული საზოგადოება დაადანაშაულა, თითქოს ქართველებმა მისი ნათქვამი სწორას არ გაიგეს. მისი განცხადება შეალამაზა და თქვა, რომ საქართველოს მიერ დატყვეებული ტყვეების მცირე ნაწილი იყო. მან თქვა, თითქოს ოჩამჩირის ბრძოლებში იმიტომ ჩაერთო, რომ გარკვეული ტყვეები წამოეყვანათ, რათა შემდეგ მათი გაცვლა მომხდარიყო. ასეთი განცხადება სიცრუეა“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი