ზვიად შალამბერიძე - ექვსი თვის შემდეგ პირველი რეგულარული ავიარეისის 108 მგზავრიდან 96 საერთაშორისო ვიზიტორია, რაც მნიშვნელოვანია
ზვიად შალამბერიძე - ექვსი თვის შემდეგ პირველი რეგულარული ავიარეისის 108 მგზავრიდან 96 საერთაშორისო ვიზიტორია, რაც მნიშვნელოვანია

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის შეფასებით, ექვსთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ავიარეისების განახლება მნიშვნელოვანია.

„ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დღეს ქუთაისის აეროპორტმა რეგულარული ავიარეისების მიღება განაახლა – დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩამოფრინდა. მათგან 96 საერთაშორისო ვიზიტორია, რაც პანდემიის პირობებში ეკონომიკური მდგომარეობას გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.​ რეკომენდაციების სრული დაცვით საწყის ეტაპზე რეგულარული რეისები კვირაში ერთხელ განხორციელდება, მაგრამ მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რათა საჰაერო სივრცე ეტაპობრივად გაიხსნას ისე, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული.

ჩვენ კორონავირუსის პანდემიამდე ვიღებდით უამრავ ვიზიტორს და შეზღუდვების მიუხედავად, ქუთაისი საინტერესო ტურისტულ მიმართულებად რჩება. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ როგორც ადგილობრივების, ასევე ჩვენი სტუმრების უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა.

ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი