ზვიად შალამბერიძე - ახალგაზრდების წარმატება განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას და მათთვის ბევრი რამ კეთდება
ზვიად შალამბერიძე - ახალგაზრდების წარმატება განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას და მათთვის ბევრი რამ კეთდება

ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემა განათლების, განვითარების და თვითრეალიზაციის კუთხით, რადგან სწორედ თქვენზეა დამოკიდებული ქვეყნის წარმატებული მომავალი. ამიტომ, ხდება სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება თქვენივე ჩართულობით, რადგან თქვენს ხედვას დიდი მნიშვნელობა აქვს, – ასე მიმართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში, რეგიონული ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს.

მისი განცხადებით, განათლების კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამოქმედება, რომელიც უკვე სექტემბრიდან მიიღებს სტუდენტებს, სადაც ისინი ევროპული დონის განათლებას მიიღებენ, რაც შემდგომში სწორედ მათი ღირსეული დასაქმებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი იქნება.

„მათ აქ ექნებათ აბსოლუტურად ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ იცხოვრონ სრულფასოვნად, ისწავლონ და იფიქრონ მხოლოდ წარმატებებზე, ამ ყველაფერში ძალიან დიდი და გადამწყვეტი როლი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, რომლის მილიარდიანი ინვესტიციით შესაძლებელი გახდა ჩვენმა ახალგაზრდება აქ მიიღონ ის განათლება, რაც მათ მომავალს და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს. ქუთაისი ხდება განათლების ჰაბი საქართველოსთვის და ეს ფაქტორი უხსნის შესაძლებლობებს ახალგაზრდებს და არა მარტო ადგილობრივებს, ახალი მიზნებისკენ, სრულყოფილი განათლებისკენ და ახალ-ახალი აღმოჩენებისკენ. ჩვენი ქვეყანა არის გამოწვევების წინაშე, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ოკუპაციაა, რომელიც ახალგაზრდებსაც ძალიან მტკივნეულად შეეხოთ და ჩვენგან დროებით მიუწვდომელ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენივე ახალგაზრდების ბედი და მომავალი კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის, მათ კიდევ უფრო მეტი გვერდით დგომა სჭირდებათ და ეს არის ის, რის შესახებაც ბევრს ვფიქრობთ და ვმუშაობთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ახალგაზრდების წარმატება, განვითარება, წინსვლა განსაზღვრავს სწორედ ქვეყნის წარმატებას და მათთვის ბევრი რამ კეთდება, ბევრი რამ იგეგმება და გაკეთდება აუცილებლად, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ევროპული არჩევანის ქვეყნის ღირსეულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ მომავალს განათლებული ახალგაზრდები უზრუნველყოფენ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმებს აგრძელებს და დასავლეთ საქართველოში მესამე ფორუმს მართავს. დღეს ფორუმი ქუთაისში გაიმართა და იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეები გააერთიანა. ფორუმების მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“–ის შემუშავების პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა.