ზვიად შალამბერიძე - აგრარული ბაზარი იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს, დღეს გაიხსნა ბაღდათში, ხვალიდან გაიხსნება ტყიბულშიც
ზვიად შალამბერიძე - აგრარული ბაზარი იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს, დღეს გაიხსნა ბაღდათში, ხვალიდან გაიხსნება ტყიბულშიც

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დღეს ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ტყიბულში იმყოფებოდნენ.

სახელმწიფო რწმუნებული და მინისტრის მოადგილე ბაღდათის აგრარულ ბაზარში, რომელმაც დღეს მუშაობა განაახლა, პირადად გაეცნენ არის თუ არა დაცული საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებით.

სოლომონ პავლიაშვილმა და ზვიად შალამბერიძემ ასევე ვანის აგრარული ბაზარი შეამოწმეს, რომელიც გასულ კვირაში გაიხსნა.

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, აგრარული ბაზრები უკვე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს და მიმდინარეობს მონიტორინგი, რამდენად არის დაცული წესები და რეკომენდაციები.

„აგრარული ბაზარი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გავხსენით უკვე, დღეს გაიხსნა ბაღდათში, ხვალიდან გაიხსნება ტყიბულშიც და ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ, რომ ყველა ობიექტმა მაქსიმალურად დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.