ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ ვანის მუნიციპალიტეტში ზომების გამკაცრება არ იგეგმება
ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ ვანის მუნიციპალიტეტში ზომების გამკაცრება არ იგეგმება

იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ ვანში კორონავირუსით ინფიცირებულის ყველა კონტაქტი მოძიებულია. აღნიშნულ საკითხზე მან საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

ზვიად შალამბერიძის თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელიც შეიძლება რისკის მატარებელი იყოს, თვითიზოლაციაშია და მათზე კონტროლი ხორციელდება.

„ოჯახი, რომელიც ინფიცირებულია, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს კორონავირუსზე“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, ვანის მუნიციპალიტეტში ზომების კიდევ უფრო გამკაცრება არ იგეგმება და რეგიონში შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

„ეს არის საკონტრილო-გამშვები პუნქტები ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში და მთლიანად ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის თერმოსკრინინგი. თერმოსკრინინგი მესამე დღეა, მიმდინარეობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვალ საღამოს შეიძლება მთლიანად დავასრულოთ ვანის მოსახლეობის თერმოსკრინიგი“, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.

მისივე თქმით, ქუთაისში არის ლაბორატორია, სადაც ტესტები ყოველდღიურად კეთდება და ამასთანავე, დაინერგა სწრაფი ტესტებიც. მათი გამოყენება პარალელურ რეჟიმში ხდება.

ამასთან, იმერეთის გუბერნატორმა ისაუბრა თერჯოლაში არსებულ ვითარებაზეც.

„სოფელ ღვანკითში ქალბატონს, რომელიც 65 წლისაა, არ ჰქონია მეზობლებთან და თავისი სოფლის, რაიონის წარმომადგენლებთან კონტაქტი. გუშინ საღამოს დაგვიფიქსირდა მისი დადებითი პასუხი და მაშინვე ინფექციურში გადმოვიყვანეთ. გამოვიკვლიეთ კონტაქტები. ძირითადად ეს ამ ქალბატონის ოჯახის წევრები არიან. პლიუს, ოთხი ადამიანი, რომლებიც კარანტინში გადაიყვანეს და ერთი მეზობელი, რომელმაც საავადმყოფომდე მიიყვანა. ისიც კარანტინშია. მათი ანალიზების პასუხს ველოდებით.

სოფელ საზანოს რაც შეეხება, იქ თვითიზოლაციაში არიან ის პირები, ვინც დაინფიცირებულთან კონტაქტში იყვნენ“, – განმარტა ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, იმერეთში ცხელების სამი ცენტრი მოქმედებს – ქუთაისში, სამტრედიასა და თერჯოლაში.

„ყველა ის ადამიანი, ვისაც მსგავსი სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს, პირველად მიმართავს სწორედ ამ ცხელების ცენტრებს. თუკი ცხელების ცენტრში რომელიმეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადადის ინფექციურში. შესაბამისად, ეს იმას გვაძლევს, რომ ჩვენ ინფექციური და ასეთი პროფილური კლინიკები არ გვეტვირთება. არც ცხელების ცენტრები არ არის დატვირთული. თუმცა პიკისთვის რამდენიმე კლინიკა გვაქვს შერჩეული. თუკი ცხელების სამი ცენტრი პაციენტების რაოდენობას ვერ აუვა, სხადასხვა რაიონებში კიდევ დავამატებთ“, – განაცხადა მხარის გუბერნატორმა.

რაც შეეხება რეგიონში არსებულ სამედიცინო მარაგებს, მისი თქმით, ისინი საკმარისია.

„საჩხერეში იყო პირველი კლინიკა, რომელმაც დაიწყო „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული მოქალაქეების მკურნალობა. მოცემულობა რაც გვაქვს, რეალურად იმერეთის მასშტაბს უნდა ეყოს. თუმცა, ვერავინ იტყვის, საბოლოოდ როგორი სიტუაცია იქნება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ხელისუფლება სიტუაციას თავიდან ბოლომდე აკონტროლებს, არა მხოლოდ იმერეთში, არამედ მთლიანად საქართველოში“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.