ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება
ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო პროცესი ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. ორგანიზაცია მოითხოვს, რატიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს. გარდა ამისა, ორგანიზაცია ითხოვს, გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, დროულად ამოიღონ ვიდეოკამერების ჩანაწერები. ამასთან, ჩატარდეს ზვიად რატიანის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილე პოლიციელთა ამოცნობა და ზვიად რატიანის პოლიციის განყოფილებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთვის გამოყენებული ავტომანქანების ექსპერტიზა.

საპოლიციო კონტროლის ფარგლებში სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი ნასვამი იყო, სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა, რითაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას არ აძლევდა.

24 დეკემბერს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. პროკურატურის ცნობით, ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.