ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს 14:00 საათზე გაიმართება
ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს 14:00 საათზე გაიმართება

პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს 14:00 საათზე გაიმართება, – ამის შესახებ რატიანის ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ, რის საფუძველზეც სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„პოლიცის თანამშრომლები, რომლებმაც შეადგინეს ეს ოქმები, ვალდებულები არიან, წარადგინონ მტკიცებულებები, ჩაიდინა თუ არა რატიანმა ეს სამართალდარღვევები. ამასთან დაკავშირებით იმართება სასამართლო პროცესი, რომელზეც გამოვიკვლევთ მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ამის შემდეგ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ჰქონდა თუ არა ადგილი რატიანის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას“, – განცხადა ანა ნასრაშვილმა.

საპოლიციო კონტროლის ფარგლებში სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი ნასვამი იყო, სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა, რითაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას არ აძლევდა.

24 დეკემბერს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. პროკურატურის ცნობით, ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.