ზვიად რატიანი - ყველაზე დიდხანს დროებითი დაკავების იზოლატორთან მცემეს
პოეტი ზვიად რატიანი მისი დაკავების ღამეს კიდევ ერთხელ იხსენებს და რამდენიმე დეტალს აზუსტებს.
„ნაჩქარევი კომენტარები იყო ჩემი მხრიდან, რომელიც ინტერპრეტაციების საშუალებას იძლეოდა. დაზუსტებისთვის, ვიტყვი, რომ ბევრი რაღაც არ მახსოვს, ვიყავი ნასვამი, დასაწყისი მახსოვს ცუდად, რაც მე დამემართა, ხდებოდა სხვადასხვა ადგილას.
ყველაზე დიდხანს დროებითი დაკავების იზოლატორთან მცემეს, სანამ შევიდოდით იზოლატორში. დაახლოებით საათზე მეტი ვიყავით გარეთ. თავად იზოლატორში შესვლის შემდეგ ცემას ადგილი არ ჰქონია.
ეს ადამიანები არიან ახალგაზრდები და ისინი ნამდვილად არიან პოტენციური მკვლელები. ძირითადი დაზიანებები მაქვს თავის არეში, რომელიც არ ჩანს და ეს დაზიანებები მაქვს პოლიციელებისგან. იყო ფურთხება, ყელზე ხელის მოჭერა, მიჭერდნენ ბასრ ხელბორკილებს. ორი მანქანა ადამიანები იყო. იმედია, მოხდება ამ საქმის ობიექტური გამოძიება“, – აცხადებს რატიანი.
საპოლიციო კონტროლის ფარგლებში სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი ნასვამი იყო, სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა, რითაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას არ აძლევდა.
24 დეკემბერს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. პროკურატურის ცნობით, ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.