ზვიად ქორიძე - შეწყალების კომისია სათათბირო ორგანოა, მასში უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც პრეზიდენტთან ღირებულებითი ერთობა აქვთ 
ზვიად ქორიძე - შეწყალების კომისია სათათბირო ორგანოა, მასში უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც პრეზიდენტთან ღირებულებითი ერთობა აქვთ 

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეს კომისია რომც დაეტოვებინა, მე მაინც წამოვიდოდი, –  ამის შესახებ პირველ არხს შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი განცხადებით ადმინისტრაციას 31 დეკემბერს მიმართა.

„ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და არავის შეეძლო, გავლენა მოეხდინა. კომისია სათათბირო ორგანოა და მასში უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც პრეზიდენტთან აქვთ ღირებულებითი ერთობა და ურთიერთნდობა. ამდენად, ახალი პრეზიდენტი თავისუფალი უნდა ყოფილიყო და მიეღო გადაწყვეტილება, შეექმნა შეწყალების კომისია, რომელიც იმუშავებს მასთან. ეს გადაწყვეტილება თავიდანვე მქონდა მიღებული, თუმცა ველოდი, რომ ინაუგურაციის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში პრეზიდენტი დაინტერესდებოდა კომისიის საქმიანობით და მუშაობის პრაქტიკით, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომ შევიტანე განცხადება და გამოვხატე ჩემი ნება. ეს კომისია რომც დაეტოვებინა ზურაბიშვილს, მე მაინც წამოვიდოდი კომისიიდან”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ამასთან, ქორიძის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, დატოვა თუ არა კომისია რომელიმე წევრმა გარდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურისა.

როგორც პირველ არხს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეწყალების კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.