ზვიად ქორიძე - არ არსებობს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება, მსჯავრდებული შეწყალებულთა სიაში მოხვდეს
ზვიად ქორიძე - არ არსებობს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება, მსჯავრდებული შეწყალებულთა სიაში მოხვდეს

არ არსებობს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება, მსჯავრდებული შეწყალებულთა სიაში მოხვდეს, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„შეწყალება ხდება მსჯელობის შედეგად, მსჯავრდებულის საქმის გაცნობის შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციისა და სოციალური მუშაკის მიერ მსჯავრდებულზე გაცემული დახასიათებების, ფსიქოლოგის ახსნა–განმარტების, ჯანმრთელობის ცნობისა და მსჯავრდებულის ადვოკატისა, თუ ოჯახის მიერ დამატებით მოწოდებული სხვა დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად“, – განაცხადა ქორიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არის შეწყალებულთა შორის ქალი მსჯავრდებულების მინიმალური რაოდენობა, მაშინ როცა მათი საერთო რაოდენობა მცირე არ არის, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ შეწყალების საქმე გენდერული ნიშნით არ გამოდის.

„ქალ მსჯავრდებულთა მხრიდან მომართვიანობა არის, მაგრამ არ არის დათქმა, რომ ქალ მსჯავრდებულს შეწყალების თაობაზე თხოვნის შემოტანის უფლება ნებისმიერ დროს აქვს. მათზე ის ზოგადი წესი ვრცელდება, რომ ვადის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. თუ ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული გარემოება არ არის, შეწყალების კომისია დათქმებს არ არღვევს“, – განაცხადა ქორიძემ. 

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა განიხილება განსაკუთრებულ გარემოებად და ყოფილა თუ არა ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული გარემოება, ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევები იყო.

„ზოგჯერ ეს იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, ზოგჯერ საქმესთან დაკავშირებული სხვა გარემოებები. იყო ისეთი შემთხვევაც, რომელიც ოჯახურ მდგომარეობას, ბავშვებს უკავშირდებოდა და ა.შ“, – განაცხადა ქორიძემ.

მისი თქმით, მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეწყალების თაობაზე თხოვნა ნებისმიერ დროს დაწეროს.

„ჩვენ ამ თხოვნებს განვიხილავთ. კომისიის დღის წესრიგში არის საქმეები, რომლებიც ვადის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, მაგრამ კომისიის წევრები ვმსჯელობთ, რომელიმესთან დაკავშირებით არის თუ არა რამე განსაკუთრებული გარემოება“, – განაცხადა ქორიძემ.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეწყალების კომისიამ დეტალურად გაარჩია 156 მსჯავრდებულის საქმე და 64–ზე ოდნავ მეტ შემთხვევაში დადებითი რეკომენდაცია გასცა, მაგრამ პრეზიდენტმა 64 მსჯავრდებულის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

„ამ 64 მსჯავრდებულს შორის არის ისეთიც, რომლის მიმართაც კომისია სასჯელის შემოკლების რეკომენდაციას სთავაზობდა, მაგრამ პრეზიდენტმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. არის ისეთი მსჯავრდებულიც, რომლის მიმართაც კომისიას გათავისუფლების რეკომენდაცია ჰქონდა, მაგრამ პრეზიდენტმა სასჯელი შეუმცირა“, – განაცხადა ქორიძემ.