ზვიად კვაჭანტირაძე - კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ევროპაში სეპარატიზმს არანაირი პერსპექტივა არ აქვს
ზვიად კვაჭანტირაძე - კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ევროპაში სეპარატიზმს არანაირი პერსპექტივა არ აქვს

 

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სერბეთის პატრიარქ ირინეოსსა და ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს შორის შემდგარ შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც კვაჭანტირაძე აღნიშნავს, სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ქმედება ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირითად პრინციპებს.

„სპეციალურად გამოვედი პლენარულ სხდომაზე სიტყვით იმისთვის, რომ საპარლამენტო ასამბლეის ყურადღება მიმექცია აღმაშოთებელ ფაქტზე, რომელიც ამასწინათ ბოსნია-ჰერცოგოვინაში მოხდა.

უფრო კონკრეტულად კი ამ ფედერაციაში შემავალ ავტონომიურ სერბთა რესპუბლიკაში, სადაც საოკუპაციო სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რეგიონის ლიდერი ბიბილოვი უმაღლეს დონეზე მიიღეს და მას, როგორც სხვა სახელმწიფოს ხელმძღვანელს უმასპინძლეს.

მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს ქმედება ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირითად პრინციპებს და არის ჩვენს ქვეყნებს შორის დამკვიდრებული პატივისცემის, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

ჩვენ მაშინვე მივიღეთ განმარტება ბოსნია- ჰერცოგოვინას ხელისუფლების მხრიდან, რომ მათ არ იცოდნენ ამ ვიზიტის შესახებ. ვიდრე სერბთა ავტონომიური რესპუბლიკა ბოსნია-ჰერცოგოვინას შემადგენლობაში შედის და ისინი აკონტროლებენ ამ ტერიტორიას, მე ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობის გამოვლინებაა საჭირო.

საქმე ეხება ძალიან მტკივნეულ, სენსიტიურ საკითხს“,- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მისივე თქმით, გამოსვლის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ პრობლემაზე საუბრისთვის, მას ბევრმა ადამიანმა მადლობა გადაუხადა.

„მე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ევროპაში არანაირი პერსპექტივა სეპარატიზმს არ აქვს. ეს ვირუსი ჯერ ცოცხალია, მაგრამ მას მომავალი არ აქვს“,- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერსა და სერბეთის პატრიარქს შორის შეხვედრა 12 იანვარს, სერბეთის საპატრიარქოში შედგა.

გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე „საერთო ქრისტიანული საკითხები“ განიხილეს. საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს სრულუფლებიან ელჩს, იოსებ ნანობაშვილს პატრიარქმა ირინეოსმა პირადად დაუდასტურა, რომ შეხვედრა არაოფიციალურად შედგა.

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოდან სერბეთში გაგზავნილ წერილს, მასზე პასუხი თბილისში ჯერ არ მიუღიათ.