ზვიად კვაჭანტირაძე - დეპუტატს თავისუფალი მანდატი აქვს, მას ვერავინ შეზღუდავს, ამა თუ იმ საკითხის მიმართ საკუთარი აზრი გამოთქვას
ზვიად კვაჭანტირაძე - დეპუტატს თავისუფალი მანდატი აქვს, მას ვერავინ შეზღუდავს, ამა თუ იმ საკითხის მიმართ საკუთარი აზრი გამოთქვას

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ დეპუტატი საკუთარ თავისუფალ მანდატში არ უნდა შეიზღუდოს. ამის შესახებ კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისთვის ქცევის კოდექსის შესაძლო ამოქმედებაზე საუბრისას განაცხადა.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ უნდა გაიწეროს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ქცევის გარკვეული წესები, რომლებიც დისციპლინის დასაცავად არის საჭირო.

კვაჭანტირაძის თქმით, ის ინფორმაციას არ ფლობს იმის თაობაზე, რა წესებზეა საუბარი. მისი თქმით, თუკი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა მდივანმა რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს და თუკი თამაშის წესები საჭიროა, გუნდის წევრებმა უნდა იცოდნენ, კონკრეტულად რაზეა საუბარი.

„ის, რომ ყველაფერი წესითა და რიგით უნდა მიდიოდეს, არავინ უარყოფს, თუმცა უმთავრესი ამოსავალი ის უნდა იყოს, რაც კონსტიტუციასა და რეგლამენტში წერია, რომ დეპუტატს თავისუფალი მანდატი გააჩნია და მას ვერავინ ვერასდროს დოგმით ვერ შეზღუდავს, ამა თუ იმ საკითხის მიმართ საკუთარი აზრი გამოთქვას.

შესაძლებელია, ისეთი დოკუმენტი დაიდოს, რომელიც ყველას მოგვეწონება და სანამ წესები წარმოდგენილი არ არის, მანამდე კომენტარის გაკეთება ნაადრევია”, – აცხადებს კვაჭანტირაძე.

დეპუტატის ცნობით, დეპუტატები უმრავლესობის შეხვედრას ელოდებიან, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.

„უმთავრესი ამოსავალი პრინციპი ის უნდა იყოს, რომ პარლამენტის წევრს, როგორც თავისუფალი მანდატის მატარებელს და უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, კონსტიტუციით ფუნქციები აქვს მინიჭებული და ის თავის თავისუფალ მანდატში შეზღუდული არ უნდა იყოს. ყველაფერი შეიძლება შეთანხმების საგანი გახდეს. შეიძლება შევთანხმდეთ იმაზე, რომ არანაირი დოკუმენტის მიღება საჭირო არ არის და ვიმსჯელოთ, რა არის ის, რაც შესაძლებელია გვაბრკოლებს ურთიერთობებში.

მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. არანაირ საშიშროებას არ ვხედავ, რომ უმრავლესობა დაიშლება და ან ეს ხელისუფლების სტაბილურობას შეაზანზარებს. არითმეტიკულადაც კი წარმოუდგენელია, რომ 116-კაციანი უმრავლესობა 76 დეპუტატამდე შემცირდეს. ვერ გეტყვით, გულში მიზნად ვინ ვის გაშვებას ისახავს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი აზრები არავის თავში არ არის”, – დასძინა კვაჭანტირაძემ.