ზვიად კვაჭანტირაძე - ბრიუსელში სამიტზე აუცილებლად უნდა წავიდეთ, ეს კი არა, როცა არ გვეძახიან, ამ კარზე მაშინაც უნდა ვაკაკუნოთ
ზვიად კვაჭანტირაძე - ბრიუსელში სამიტზე აუცილებლად უნდა წავიდეთ, ეს კი არა, როცა არ გვეძახიან, ამ კარზე მაშინაც უნდა ვაკაკუნოთ

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ნატო-ს ივლისის სამიტზე საქართველოს დაპატიჟებას მიესალმება.

პირველ არხთან საუბარში ზვიად კვაჭანტირაძე ნატო-ს გენერალური მდივნის ეინს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო ბრიუსელში სამიტზე აუცილებლად უნდა წავიდეს და მონაწილეობა მიიღოს.

„ეს კი არა, როცა არ გვეძახიან, ამ კარზე მაშინაც უნდა ვაკაკუნოთ და არ უნდა დავიღალოთ. ბევრი ამ პროცესს ძალიან კრიტიკულად უყურებს და ჩემთვის ადამიანურად ეს კრიტიკა მისაღებია, თუმცა ეს პროცესი მთლად ისე მარტივიც არ არის, როგორც შეიძლება ემოციებზე დაყრდნობით მსჯელობის დროს ვივარაუდოთ – რა უნდა ნატო-ში შესვლას?! ჩრდილოატლანტიკური კურსი არჩეული გვაქვს, რომელსაც არ გადავუხვევთ. ვერც კი წარმომიდგენია, რომ საქართველოში როდესმე შეიძლება ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც იმ კურსს უღალატებს ან გადაუხვევს, რომელიც ქვეყანამ აირჩია.

დასავლურ ცივილიზაციასთან დაბრუნების საკითხში უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ, რაც მჭიდრო ინტეგრაციას მოიცავს როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის მიმართულებით“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

იენს სტოლტენბერგმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატო საქართველოს ივლისის სამიტზე ეპატიჟება.