ზვიად კუპრავას პატიმრობის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სასამართლოში ხმაური იყო
ზვიად კუპრავას პატიმრობის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სასამართლოში ხმაური იყო

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას პატიმრობის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სასამართლოში ხმაური იყო.

ზვიად კუპრავას ახლობლებმა სასამართლოს დარბაზი უკმაყოფილო შეძახილებით დატოვეს. სასამართლოში მანდატურების მობილიზება გახდა საჭირო, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

განაჩენის გამოცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. ზაალ უდუმაშვილის თქმით, ზვიად კუპრავა პოლიტიკური პატიმრის კლასიკური მაგალითია.

„მოსამართლემ უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი ქუჩაში ვიქნებით თუ სამსახურში, აუგად რომ მოვიხსენიოთ მოსამართლე, დაგვაპატიმრებენ. ეს არის დიქტატურა”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კუპრავას ადვოკატი დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ლევან დავითაიას განმარტებით, დღეს მოსამართლემ „ცუდზე უარესი გადაწყვეტილება მიიღო“.

საქმის პროკურორია ქეთევან კურაშვილის თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა, ბრალდების მხარის მასალები და დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება ცხრათვიანი პატიმრობის გადაწყვეტილებას, როგორც პროკურორმა განმარტა, გაასაჩივრებს თუ არა სასჯელის ზომას ბრალდების მხარე, მას შემდეგ გადაწყდება, რაც მოსამართლის განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს ჩაიბარებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო და  სასჯელის ზომად ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.