ზვიად კუპრავა - იქნება სამპუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებასაც ქართველებთან ერთად შევუდგებით
ზვიად კუპრავა - იქნება სამპუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებასაც ქართველებთან ერთად შევუდგებით

იგივე სიტუაციაა, რაც მოხდა 2003 წელს, დღეს ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა წაგვართვა არჩევანი, აგვერჩია პრეზიდენტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ განუცხადა.

„ჩამოვედი ამ შეხვედრაზე. მსჯელობის საგანი ვნახოთ, რა იქნება. როგორც ორგანიზატორები გვიანონსებენ, იქნება სამპუნქტიანი გეგმა, მოვისმენთ, გავიგებთ და რა თქმა უნდა, შევუდგებით ამ გეგმის შესრულებას ქართველებთან ერთად, იმ ასიათასობით ადამიანთან ერთად, რომლებიც დღე-დღეზე ელოდებიან, როდის ჩამოვლენ საქართველოში, როდის შეიქმნება საკუთარ ქვეყანაში პირობები სასიცოცხლოდ, საცხოვრებლად. დღეს საქართველოში ცხოვრება და არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელია“, – აღნიშნა ზვიად კუპრავამ.

რაც შეეხება ალტერნატიულ მთავრობას, კუპრავას თქმით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს იმ გზით, როგორც იცვლება დემოკრატიულ სახელმწიფოებში.

„აქცია არის ლეგიტიმური და ეს არ არის არსად აკრძალული. აქციები უნდა იყოს მუდმივად, სანამ ხელისუფლებაში ივანიშვილია. მასთან სხვანაირი საუბარი არ შეიძლება, რადგან სხვანაირად ვერ გებულობს ეს ადამიანი. რევოლუცია როცა მოხდა საქართველოში, ეს მოჰყვა არჩევნების გაყალბებას. იგივე სიტუაცია ხდება, რაც მოხდა 2003 წელს. დღეს ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა წაგვართვა არჩევანი, აგვერჩია პრეზიდენტი“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

შეგახსენებთ, დღეს ბელგიის ქალაქ ლიეჟში მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.