ზვიად კუპრავა - 4 ოქტომბერს, დილიდან ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ „სპეცოპერაციის“ პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა
ზვიად კუპრავა - 4 ოქტომბერს, დილიდან ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ „სპეცოპერაციის“ პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა

დილიდან როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ზვიად კუპრავამ ფეისბუქლაივში განაცხადა.

ზვიად კუპრავამ ისაუბრა, რა ტაქტიკა აქვთ 4 ოქტომბერს.

„ასიათასობით ადამიანმა გადაწყვიტა, 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანაა, 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია. როგორ ვახერხებთ ამას – 4 ოქტომბერს თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის საქართველოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი. ივანიშვილმა იცის, რომ 500 პუნქტი არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, ვერ გააკონტროლებს. დილიდან როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა.

ვიღაც ალბათ იფიქრებს დაგიჭერენო, ვერ დამიჭერენ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი დღეს, მე დამიჭიროს ან ვინმე დაიჭიროს და მეორე, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილი დაიჭერს საკრებულოს წევრს, საკრებულოს არჩევნებზე, ვერ იქნება მიღწეული მისი სტრატეგიული ამოცანა, მშვიდად ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია. შესაბამისად, ის მაინც დაემხობა. არის კიდევ მესამე გზა, თუ 4 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი და პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მე, როგორც ერთი ადამიანი, იმ წუთიდან დავჯდები სახლში და ვიდრე 5 ოქტომბრამდე არ გამოვალ სახლიდან. ეს არის კომპრომისი, გნებავთ ვაჭრობა დაარქვით, ბატონო ივანიშვილო, თქვენი საყვარელი საქმიანობა, გნებავთ, მუქარად მიიღეთ, თუ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებული, თქვენ 4 ოქტომბერს დაემხობით“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.