ზვიად კუპატაძე - სომხეთთან მარტის მატჩებში ბევრი რამ გადაწყდება
ზვიად კუპატაძე - სომხეთთან მარტის მატჩებში ბევრი რამ გადაწყდება

ზვიად კუპატაძე თბილისშია და ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის შეხვედრებისთვის საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება. გუნდის კაპიტანი რთული მატჩების მოლოდინშია. 

„რა თქმა უნდა, ხვალ რთული მატჩის მოლოდინში ვართ, რადგან სომხეთის ნაკრები ბოლო დროს ექვსი ფუტსალელით გაძლიერდა, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატში თამაშობენ და სერიოზული გუნდია. ეს პრინციპული მატჩია ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა. ამიტომ მეორეხარისხოვანია, ვის და როგორ მოვუგებთ“, – ამბობს ზვიად კუპატაძე.

გამოცდილი მეკარის თქმით, ამ ორ მატჩში მნიშვნელოვანი ამბები გაირკვევა.

„ყველაფერი ჩვენს ხელშია. საფრანგეთთან გასვლაზე ფრედ ვითამაშეთ და ახლა სომხეთთან ბევრი რამ გადაწყდება. თუ დადებით შედეგს მივაღწევთ, სახლში საფრანგეთთან მატჩი გველის და ევროპის ჩემპიონატის საგზურის ბედი ამ დაპირისპირებაში გადაწყდება. თუმცა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სომხეთთან მატჩია“.

პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, 5 მარტს საქართველოსა და სომხეთის მატჩი თბილისში მაყურებლის გარეშე ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 18:15 საათიდან შემოგთავაზებთ. ერევანში საპასუხო შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი