ზვიად კორძაძე - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არსებობს
ზვიად კორძაძე - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არსებობს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოიყენოს.

როგორც ადვოკატმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

„არ უნდა იქნეს გირაო გამოყენებული. ერთი მიზეზი ის არის, რომ აბსურდულია ბრალდება, მეორე ის, რომ აღკვეთის ღონისძიების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს. გირაო გამოიყენება იმისთვის, რომ ბრალდებული არ მიემალოს გამოძიებას, მტკიცებულებები არ გაანადგუროს და მოწმეებზე არ მოახდინოს ზემოქმედება. რამდენი ხანია, გამოძიება მიმდინარეობს და ორივე მათგანი ძალიან ბევრჯერ გავიდა ქვეყნიდან და დაბრუნდა. 11 წლის წინანდელი საქმეა, ყველა მტკიცებულება ამოღებული აქვს ეროვნულ ბანკს და გადაცემულია გამოძიებისთვის, ასევე „თიბისი ბანკმა“ გადასცა მასალები პროკურატურას, შესაბამისად არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები”, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით თითოეულისთვის მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვს. სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს  წარედგინათ ბრალი, ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.