ზვიად კორძაძე იურისტებს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ
ზვიად კორძაძე იურისტებს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ

ადვოკატი ზვიად კორძაძე კოლეგებს, იურისტებს მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ. მისივე თქმით, პროცესის ბოიკოტირება არ არის გამოსავალი.

„მე მიმაჩნია, რომ ამ კონკურსში მონაწილეობის არმიღება არ არის სწორი, ისევე, როგორც ნებისმიერ ისეთ პროცესში მონაწილეობის არმიღება, რომელიც არ მოგწონს და მე ყველა იურისტს, რომელსაც აქვს მზაობა, მიაჩნია, რომ ღირსეულია ამ გამოწვევისთვის, მოვუწოდებ, მიიღოს მონაწილეობა და ძალიან ღიად დააფიქსიროს თავისი პოზიციაც და სცადოს ბედი. ჩვენ კი, ამ პროცესის გარედან მაყურებლები ყველანაირად შევეცდებით, რომ პროცესი იყოს ობიექტური, გამჭირვალე და უზენაეს სასამართლოში მივიღოთ ის მოსამართლეები, რომლებიც ყველა პრობლემას გამოასწორებენ“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მიუხედავად ამ განცხადებისა, თავად კორძაძე იუსტიციის საბჭოში განაცხადის შეტანას არ გეგმავს. კითხვაზე, გეგმავს თუ არა კონკურსში მონაწილეობას, ზვიად კორძაძემ მოკლედ უპასუხა: „არა, გმადლობთ“.