ზვიად გამსახურდიას საქმეზე შექმნილ საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი უხელმძღვანელებს
ზვიად გამსახურდიას საქმეზე შექმნილ საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი უხელმძღვანელებს

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმეზე შექმნილ ჯგუფს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შალვა თადუმაძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცოტნე გამსახურდიას ადვოკატ ამირან გიგუაშვილთან ერთად შეხვდა. შეხვედრას საქმის პროკურორი და გამომძიებელი ესწრებოდნენ.

„გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მის ადვოკატს შესთავაზა, მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი უხელმძღვანელებს.

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მომდევნო შეხვედრა პროკურატურაში იანვრის ბოლოს გაიმართება.