ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს და კიდევ 13 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს და კიდევ 13 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში მდებარე ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს, რომელიც XX საუკუნეშია აგებული, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

ნიკოლოზ ანთიძის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე აღნიშნული სტატუსის მატარებელი კიდევ ცამეტი ობიექტი გახდა.

ესენია: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისია აშენებული

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ მარდიგორაში მდებარე, ვარდიგორის საყვარელიძეების კოშკის კომპლექსი (1. ორნაწილიანი კოშკი 2. დამოუკიდებლად მდგარი სწორკუთხა ნაგებობის ნაშთი 3. დაკირული ქვევრებიანი მარანი 4.ყორე-გალავნის ნაშთი) კომპლექსი გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ებნისში მდებარე XIX საუკუნის ებნისის ეკლესია

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მდებარე, გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული ლელა ჯაჯვანის კოშკი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე ხეთას ციხე, რომელიც შუა საუკუნეებშია აგებული.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში მდებარე, შუა საუკუნეების ზემო ბიას წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში მდებარე ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ, გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება და გადაკეთებულია XIX საუკუნეში.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში მდებარე შუა საუკუნეების ზენის ციხე ( ჯიხა)

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარე, შუა საუკუნეების ყურუმულიას ციხე-ჯიხა

მაჩხომერის ციხე, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარეობს.

გაღმა საჯიჯაოს ციხე (ჯიხა) შუა საუკუნეებით დათარიღებული ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში.

წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევში, XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული .

წევას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, თარიღდება განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებით, მდებარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევაში.

ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 7 აგვისტოს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.