ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა და მისმა მხარდამჭერებმა დღეს პეტიციაზე ხელმოწერები დაიწყეს.  ხელმომწერები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას ითხოვენ.

როგორც ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია აცხადებს, პეტიციას სამომავლოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელს დაურთავენ, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ საქმის გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება.

“ფაქტია, არცერთ სახელმწიფო უწყებას არავითარი სურვილი ამ საქმის გამოძიების და ბოლომდე მიყვანის არ აქვს. ისინი ხელს გვიშლიან ჩვენი კანონიერი უფლებების განხორციელებაში. ვიბრძვით, რომ გადმოგვცენ საქმის მასალები. ბრძოლა გვიწევს ელემენტარულზე და ყოველ ნაბიჯზე გააფთრებული წინააღმდეგობას ვაწყდებით ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები დაინტერესებული იყვნენ პირველი პრეზიდენტის სიკვდილის გარემოებებით”-აღნიშნა ცოტნე გამსახურდიამ.

აქციაზე იმყოფებოდა კახა კუკავაც, რომლის თქმითაც 2018 წლის 31 დეკემბერს დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა იწურება, შესაბამისად ხელისუფლებამ დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მოახდინოს. ამის უზრუნველსაყოფად კი საზოგადოება და მესამე სექტორი უნდა გააქტიურდნენ.