ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე რუსთავშიც აღნიშნეს
ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე რუსთავშიც აღნიშნეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა რუსთავში.

ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დღევანდელი დღის აღსანიშნავად საზოგადო მოღვაწეები ქალაქისა და მხარის პირველი პირები შეიკრიბნენ.

მათ ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე მოეწყო კინოჩვენება.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე, ახლად არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა – დროშა, გერბი და ჰიმნი აღადგინეს. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ქვეყნიდან განდევნეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.