ზვიად გაბისონია - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნივერსიტეტების მონიშვნებთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვები არ იქნება, წელს სტუდენტებს დამატებით პროფესიული კოლეჯების შემოხაზვაც შეეძლებათ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნივერსიტეტების მონიშვნებთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვები არ იქნება.
გაბისონიას პარლამენტში დეპუტატმა კითხვა დაუსვა: „როგორ ფორმატში ჩატარდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, მოესწრება თუ არა თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება ეროვნული გამოცდებისთვის?„ აბიტურიენტებს ერთიანი უნივერსიტეტი ექნებათ მოსანიშნი თუ ცალ-ცალკე უნივერსიტეტებს ჩაწერენ?“
უნივერსიტეტების მონიშვნასთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთი კითხვა დაისვა: „ძველი წესით, უმაღლესი განათლების მისაღები გამოცდების წინ სტუდენტებს ჰქონდათ გარკვეული წესი, რომ ერთ უნივერსიტეტში თუ ვერ მოხვდებოდნენ, შემდეგ მეორეს, მესამეს, მეოთხეს მონიშნავდნენ. ამ ნაწილში როგორ იქნება წლევანდელი აბიტურიენტების რეგისტრაციის წესი? სახელმწიფო უნივერსიტეტში ვინც აბარებს, აქვს თუ არა უფლება, პარალელურად მონიშნოს რომელიმე კერძო უნივერსიტეტი, სადაც შეეძლება სწავლის გაგრძელება?“
„მონიშვნების საკითხს რაც შეეხება, არანაირი შეზღუდვები ეროვნულ გამოცდასთან დაკავშირებით არ იქნება. რეორგანიზაცია არის პროცესი და არა ერთჯერადი ფაქტი. შესაბამისად, ის გულისხმობს გარკვეული პერიოდის დროის დინებაში შესაბამისი პროცედურების განხორციელებას. შესაძლოა, მინიმალური დრო იყოს, სულ მცირე, ექვსი თვე, მაქსიმალური კი გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება, რათა მოხდეს ყველა პროგრამის გადაწყობა, დადარება“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
როგორც ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, წელს სტუდენტებს პროფესიული კოლეჯების შემოხაზვის შესაძლებლობაც ექნებათ.
„მინდა, დავაზუსტო, რათა თავიდან ავირიდოთ შემოხაზვებთან დაკავშირებით შემდგომი სპეკულაციები. ვადასტურებთ, რომ არანაირი შეზღუდვა ამ ნაწილში წელს არ იგეგმება. სტუდენტს შეუძლია, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპით იმდენი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება შემოხაზოს, რამდენის სურვილიც აქვს. დამატებას ვაკეთებთ კიდევ. ჩვენი სურვილია, რომ გარდა ამ პროგრამების შემოხაზვისა, სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, დამატებით შემოხაზოს პროფესიული კოლეჯები და პროფესიული პროგრამაც, რათა თავი დაიზღვიოს და იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვერ მოხვდა, არ აღმოჩნდეს სასწავლო პროცესის გარეთ. შესაბამისი პროცესიდან გამომდინარე, მათ შეეძლებათ, პროფესიული პროგრამა მოხაზონ. ვერ გეტყვით, სამომავლოდ როგორ იქნება გადაწყვეტილება, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ წელს ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ამის მიხედვით არანაირი შეზღუდვა არ იგეგმება“, – განაცხადა გაბისონიამ.