ზვიად ფხაკაძე - საგამოძიებო უწყებებმა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში შეძლეს საქმის გამოძიება
ზვიად ფხაკაძე - საგამოძიებო უწყებებმა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში შეძლეს საქმის გამოძიება

საგამოძიებო უწყებებმა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში შეძლეს ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება,- ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დრო ძალიან შეზღუდული იყო და ფაქტობრივად, გამოძიებას მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლოში საქმის წარსადგენად 30 დღე ჰქონდა.

„მოგეხსენებათ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, გამოძიება მაქსიმალურად არის შეზღუდული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის განკუთვნილ ვადაში. ეს არის 40-დღიანი ვადა, მაგრამ აქვე გათვალისწინებული უნდა იყოს წინასასამართლო სხდომამდე საქმის სასამართლოში გაგზავნის ვადებიც, ძალიან შეზღუდული იყო. ფაქტობრივად, გამოძიებას ჰქონდა მაქსიმალურად რომ ვთქვათ, 30 დღე. შესაბამისად, 30 დღეში ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეგ საქმე მიგვეყვანა მტკიცებულებების გათვალისწინებით იმ სტადიაზე, რომ სასამართლოში წარგვედგინა საქმე, იმ ბრალდებებით, რაც გითხარით და სასამართლოს მისცემოდა შესაძლებლობა, ემსჯელა ამ ორი პირის ბრალეულობაზე, ანუ ჩაიდინეს თუ არ მათ ხსენებული დანაშაული“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის კახა სირაძის თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, შეზღუდული იყო არასრულწლოვანთა დაკითხვის დრო.

მისივე თქმით, არასრულწლოვანი მოწმეები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ.

„ყოველ შემთხვევაში ეს ხალისით არ ხდებოდა. აქვე მინდა მშობლებზეც გავამახვილო ყურადღება. აქ გვჭირდებოდა რაღაც-რაღაც შეხმიანება, ოჯახში მისვლაც“, – განაცხადა სირაძემ.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისიის წევრები დღეს შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელ კახა სირაძისა და საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძის ახსნა-განმარტებებს ისმენენ.