ზვიად ძიძიგური -  საქართველო 9 აპრილამდე იყო სრულიად სხვა და 9 აპრილის შემდეგ არის სრულიად სხვა
ზვიად ძიძიგური - საქართველო 9 აპრილამდე იყო სრულიად სხვა და 9 აპრილის შემდეგ არის სრულიად სხვა

საქართველო 9 აპრილამდე იყო სრულიად სხვა და 9 აპრილის შემდეგ არის სრულიად სხვა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„თუ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მანამდე კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფის, ლიდერების, ან თუნდაც, მრავალრიცხოვან ადამიანთა კუთვნილება იყო, 9 აპრილის შემდეგ უკვე მთელი საქართველოსი გახდა. 9 აპრილის შემდეგ მთელი საქართველო შეცვლილი იყო. მასიურად წავიდა პარტიული ბილეთების გადაყრა და მასიურად დაიწყო რაიკომებში პრობლემების შექმნა; კომკავშირიდან გადიოდა ხალხი მასიურად და ეს აბსოლუტურად სხვა საქართველო იყო. ეს იყო საქართველო, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ემზადებოდა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

მისი თქმით, ხშირად ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირი მაინც დაიშლებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის.

„ინფორმაცია გავიდა ევროპაში, ამერიკაში, ყველგან და ამან გორბაჩოვსაც სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი 9 აპრილის სულისკვეთებით ჩატარდა. 

„რეფერენდუმზე ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი და სწორად შერჩეული კითხვა იყო დასმული – გინდათ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე და 3 330 000 კაციდან 98%-მა უპასუხა – დიახ. მათ შორის – აფხაზებმა, ოსებმა, რუსებმა, ებრაელებმა, უკრაინელებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა და აბსოლუტურად ყველამ. სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგი არის ჩვენი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც კონსტიტუციაში დევს, რომელსაც ჩვენი სუვერენიტეტი ემყარება და, რომელსაც ვერაფერი შეარყევს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქვეყნის სამართლებრივი საფუძველია ასევე 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტი, რომლის გამოცხადებაც მაშინ ძალიან რთული იყო.

„მარტივი იყო ეს, როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა და არ იცოდი, ამას რა ტიპის რეპრესია მოჰყვებოდა?! ერთი ციცქნა ქვეყანა ვიყავით და პირდაპირ მეტროპოლიას დავუპირისპირდით. ამას დიდი პოლიტიკური გაბედულება სჭირდებოდა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე თქმით, 1989 წლის 9 აპრილს დაღვრილი სისხლი იყო საფუძველი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობაში ჩაიდო.