ზვიად ძიძიგური - სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებითა და ქვემეხებით შემოიჭრა
ზვიად ძიძიგური - სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებითა და ქვემეხებით შემოიჭრა

სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებითა და ქვემეხებით შემოიჭრა – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ძიძიგურის თქმით, სალომე ზურაბიშვილს რუსეთთან მიმართებაში არაფერი შეუცვლია, ადრე რასაც ამბობდა, დღესაც ის გაიმეორა.

„თუ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს განიხილავ, შეიძლება, რაღაც სახის სიუჟეტი გააკეთო, არიქა, საპრეზიდენტო კანდიდატი რას ამბობს. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი რომ შემოიჭრა, ამას სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის ამბობდა და დღესაც ეს გაიმეორა. სალომეს დიდი ხანია ვიცნობ, ის ყოველთვის საქართველოს ინტერესების დამცველი იყო. რუსის ჯარის გაყვანას წინ რა პერიპეტიები უსწრებდა და რამდენად რთული მოლაპარაკებების ჩამტარებელი იყო სალომე, ეს ყველას კარგად ახსოვს.

რაც შეეხება წინა ხელისუფლებას, ის დამნაშავეა იმაში, რომ სამხრეთ ოსეთი და ცხინვალი რუსეთისა და სხვა ქვეყნების მიერ ნაღიარებია. როცა ქვეყნის ხელისუფალი ხარ, ვალდებული ხარ, ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნო და ამის გაკეთების შესაძლებლობა იყო, არსებობდა და მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლება ამ საკითხში პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. სალომე ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთი საქარველოს ტერიტორიაზე ტანკებით, ქვემეხებით შემოიჭრა”, – განაცხადა ძიძიგურმა.