ზვიად ძიძიგური - რომან კაკულიას თავისი ემოცია და შეხედულებები აქვს
ზვიად ძიძიგური - რომან კაკულიას თავისი ემოცია და შეხედულებები აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური თანაგუნდელის რომან კაკულიას განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კაკულიას თავისი ემოცია და შეხედულებები აქვს.

ჟურნალისტებთან საუბარში ძიძიგური აღნიშნავს, რომ ცხრა წლის განმავლობაში, საჯარო სივრცეში რაღაც ჩანაწერები ვრცელდებოდა, რომელზეც შემდეგ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა.

„ასეთი სახის ჩანაწერების მიმართ ერთგვარი იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული. ჩემთვის, როგორც დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, პროკურატურა რა განცხადებას გააკეთებს. გავრცელებულ ჩანაწერებზე შორს მიმავალი დასკვნების კეთება ზედმეტია. კაკულიას თავისი ემოცია და შეხედულებები აქვს, ცხრა წლის განმავლობაში კი ჩანაწერების გამოქვეყნებისა და მასზე კომენტარების კეთების რეჟიმში ვცხოვრობდით.

დარწმუნებული ვარ, პროკურატურა აქტიურობს და როცა სათანადო მტკიცებულებები ექნება, განცხადებას გააკეთებს. მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ. სასამართლოს უმაღლეს წერტილამდე აყვანას 200 წელი უნდა, როგორც ეს ამერიკასა და ევროპის ქვეყნებშია. დღევანდელი სასამართლო ცა და დედამიწასავით განსხვავდება იმისგან, რაც ჩავიბარეთ. სასამართლოს 99,9 გამამტყუნებელი იყო და პროკურატურის ბრალდებებს ემთხვეოდა. ეს ჩავიბარეთ და დღეს სასამართლო სისტემა გაცილებით წინ წასულია”, – განაცხადა ძიძიგურმა.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ კომენტარი გააკეთა „იბერიასთან“ დაკავშირებული ჩანაწერების გავრცელებაზე. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების მიუხედავად, სამწუხაროდ, ვერ შეიქმნა სასამართლო გადაწყვეტილებების ის ხარისხი, როდესაც შესაძლებელი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებას მშვიდად დაელოდო.

„სამწუხაროდ, მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებისა, ჩვენ ვერ შევქმენით დღემდე სასამართლო გადაწყვეტილებათა ის ხარისხი, როდესაც შეგვიძლია მშვიდად დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ეს ტრაფარეტული ფრაზა იყოს აბსოლუტური ჭეშმარიტების გამომხატველი. სხვა არჩევანიც არ გვაქვს. იმედია, აბსოლუტურად ჯანსაღად წარიმართება გამოძიებაც, სასამართლომდეც უნდა მივიდეს და საზოგადოებას კითხვები არ დარჩება ამ ნამდვილად შემაშფოთებელი ტექსტებისგან, რომლებსაც ჩვენ ყოველდღე ვისმენთ. ნამდვილად არ მინდა, ვიყო გუნდის წევრი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ასეთი ტიპის საქმიანობებთან. ეს ყველაფერი თუ გამოაშკარავდება და გახდება რეალობა, მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებასაც”, – განაცხადა რომან კაკულიამ.