ზვიად ძიძიგური - რატომ უნდა გამოვრიცხო, რომ სააკაშვილი უკრაინაში რუსეთის ინტერესებს ატარებს
ზვიად ძიძიგური - რატომ უნდა გამოვრიცხო, რომ სააკაშვილი უკრაინაში რუსეთის ინტერესებს ატარებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ძიძიგური არ გამორიცხავს, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რუსეთის ინტერესებს ატარებდეს. მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის დროს სწორედ რუსეთის ინტერესებს ატარებდა.

„რატომ უნდა გამოვრიცხო, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რუსეთის ინტერესების გამტარებელია, რადგან საქართველოში მისი მმართველობა პირდაპირ რუსული ინტერესი იყო და ცხინვალისა და სოხუმის აღიარება სწორედ მისი ხელისუფლების პირობებში მოხდა, რაზეც რუსეთი ვერცერთ სხვა მოცემულობაში ვერ იოცნებებდა, მაგრამ რუსეთს ეს საჩუქრად სააკაშვილმა მიართვა“, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.

ძიძიგური ფიქრობს, რომ უკრაინაში არეულობა რუსეთს აწყობს და ამაში ყველა დარწმუნებულია.

„რაც შეეხება იმ მოვლენებს, რაც უკრაინაში მიმდინარეობს, ეს ყველაფერი ცოტათი გაბუქებულია. უკრაინაში არაფერი ისეთი არ ხდება და წინასწარ დაანონსებული რევოლუციების საშიშროებაც არ არსებობს. პოროშენკო და რადა არჩეულები არიან და სააკაშვილმა პოლიტიკური ხმაური მოახერხა, რაც კარგად ეხერხება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინაში ხელისუფლება იცვლება. არეული და დასუსტებული უკრაინა პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის, რომელსაც უკრაინასთან პირდაპირი და არაპირდაპირი ომი აქვს. ვინ რომელი დავალების შემსრულებელია, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ რატომ უნდა გამოვრიცხო, რომ სააკაშვილის პოლიტიკა უკრაინაში შეიძლება რუსულ ინტერესებს ემსახურებოდეს?“, – განაცხადა ძიძიგურმა.