ზვიად ძიძიგური - რასაც მრგვალი მაგიდა ითხოვდა 29 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ამდენი წლის შემდეგ
ზვიად ძიძიგური - რასაც მრგვალი მაგიდა ითხოვდა 29 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ამდენი წლის შემდეგ

ორპოლუსიანი სისტემა მთავრდება პროპორციული არჩევნების შემოღების გზით, გულწრფელად მიხარია და ყველა პოლიტიკურ ძალას ვულოცავ, რომელსაც უნდა მონაწილეობა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯია.

„1990 წლის ზაფხულში იყო ძალიან სერიოზული აქცია, მიმდინარეობდა რკინიგზის პიკეტირების თანხმლებით და მაშინ „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“ ითხოვდა პროპორციული არჩევნების ჩატარებას. მაშინ ვერ მოხერხდა შეთანხმება, გადაწყდა შერეული სისტემა ანუ ნახევარი იყო პროპორციული და ნახევარი იყო მაჟორიტარული. ამას წინათ ვხუმრობდით ჩვენ რასაც მრგვალი მაგიდა ითხოვდა 29 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ამდენი წლის შემდეგ. მარტივ რამეს გეტყვით, ორპოლუსიანი სისტემა მთავრდება პროპორციული არჩევნების შემოღების გზით. გულწრფელად მიხარია ეს და ნამდვილად მინდა, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც უნდა მონაწილეობა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში, მინდა, მივულოცო ეს მიღწევა, რომელიც არის ყველას მიღწევა და პირველ რიგში „ქართული ოცნების” მხრიდან გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯია “, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისი თქმით, ნულოვანი ბარიერი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს პოლიტიკური მინდვრის დივერსიფიკაცია. პარლამენტში იქნება ათი, თორმეტი და მეტი პარტია.

ათზე მეტი პარტია სრულ შესაძლებლობას ინარჩუნებს ასეთი სიტემის პირობებში, რომ მათ წარმომადგენელი პარლამენტში ჰყავდეთ.

„ახლა არჩევნებში ოცდაათამდე პარტია, შეიძლება უფრო მეტიც მიიღებს მონაწილეობას და ყველა პარტია ერთმანეთის მაკონტროლირებელი იქნება. პირობითად, პატარა პარტიებს ერთი ასეთი პრობლემა ჰქონდათ, რომ ამომრჩეველი, რომელსაც მოსწონს ესა თუ ის პოლიტიკური ლიდერი, არ მისცემს ხმას იმ ლიდერს, რადგან იმედი არ აქვს, რომ გადალახავს ბარიერს და ამ ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში მისი ხმა იკარგება. კი არ იკარგება, მისი ხმა მისთვის შესაძლოა, სრულიად არასასურველ პარტიას მიაქვს. ეს რეალობა შეიცვლება. დამთავრდება ასეთი ტიპის დაძაბულობაც, რომელიც ორპოლუსიან სისტემას ახლავს და ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. როდესაც პოლიტიკური კულტურის დონე მაღლდება, ამის შემდეგ ყველაფერი ავტომატურად ვითარდება. ეკონომიკაც უფრო სწრაფად ვითარდება და ამომრჩეველიც”,- აღნიშნა ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა.

დეპუტატმა გაიხსენა 2013 წელი, როცა „ქართულმა ოცნების“ მიერ, რომელსაც მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდა, შეთავაზებულ იქნა პროპორციულ სისტემაზე ეტაპობრივად გადასვლა, რომ არჩევნები 2016 წელს შერეულით, ხოლო 2020-ში პროპორციულით ჩატარებულიყო.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოგვიცხადა, მაშინ გაყოფილი არ იყო ეს პარტია, რომ 2016 წელს გადავალთ ან საერთოდ არ დავუჭერთ მხარსო, ჩვენ 2016-ში მოგიგებთ არჩევნებს და ჩვენ თვითონ შევცვლით მაგ სისტემასო. როგორც მოიგეს 2016-ში არჩევნები ჩვენ ვნახეთ, მაგრამ ასეთი პროცესების ჩაშლა, რომ მათ შეუძლიათ ასეთი ტიპის პრაქტიკა ჩვენ გვაქვს. ვუსმენდი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, მათი განცხადებებიც მოვისმინე, რომ ისინი დაუჭერენ მხარს და ეს არის სწორი პოლიტიკური მიდგომა, ვინაიდან უმრავლესობაში არიან დეპუტატები, რომლებიც მაჟორიტარულ სისტემას უჭერენ მხარს. ამ შემთხვევაში ოპოზიციის მონაწილეობა, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლისთვისაც ძალიან მაღალი ქვორუმია საჭირო, განხორციელდეს. თუ ეს ცვლილება არ განხორციელდება, ამ შემთხვევაში, რომელი პოლიტიკური ძალაც გაიწევა გვერდზე, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.