ზვიად ძიძიგური - მთავრობის გაზრდილი კონტროლი გულისხმობს ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლს
მთავრობის გაზრდილი კონტროლი გულისხმობს ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
მისი თქმით, კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მინისტრებს რეგულარულად დაიბარებენ და დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ.
„კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე ყველა მინისტრი რეგულარულად გვეყოლება დაბარებული, რომლებსაც კითხვას თუნდაც ექვსი დეპუტატი დაუსვამს. ისინი ვალდებული არიან, პლენარულ სხდომებზე წელიწადში ოთხჯერ მოვიდნენ და პასუხი მთელი პარლამენტის წინაშე გასცენ“, – განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთმანეთთან ასეთ დამოკიდებულებაშია.
„აქამდე, შესაძლოა, ყოფილიყო საკითხები, რომლებიც პარლამენტის მხედველობის მიღმა გაპარულიყო და წარმოშობილიყო რაღაც საკითხები, რომლებზეც საზოგადოებას რეაგირება მოგვიანებით გაეკეთებინა. ამ შემთხვევაში კი, პარლამენტს მუდმივად ექნება ხელი მაჯაზე დადებული, თუ როგორ ხდება ბიუჯეტის შესრულება, როგორ მიმდინარეობს ამა თუ იმ პროექტის განხორციელება და ა.შ“, – განაცხადა ძიძიგურმა.
გადაცემის წამყვანებმა პარლამენტის ვიცე-სპიკერს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს. ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, როგორია მისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადავიდეს, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ეს 2024 წელს უნდა მოხდეს. პარტიების გაძლიერებას რაც შეეხება, ძიძიგურის აზრით, პროპორციული სისტემა პარტიების განვითარებისთვის უკეთესია, მაგრამ სხვა საკითხია, რომელი პარტიებისთვის არის უკეთესი.
„ჩემი აზრით, მაგალითად, იმ პარტიებისთვის, რომლებიც დავუშვათ, ქვეყანაში ყველაზე ძლიერები არ არიან, მაჟორიტარული სისტემა უკეთესია, რადგან შესაძლოა, მაჟორიტარობის ერთი-ორი კარგი კანდიდატი გყავდეს და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიო, თორემ პროპორციულ სისტემაში რაღაც ბარიერი თუ არ გადალახე, შენ მიმართ მოცემული ხმები იკარგება. ასე რომ, იმ პარტიებიდან, რომლებსაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვხედავთ და, რომლებიც აქტიურობენ, პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი პარტიისთვის სჯობს, მაჟორიტარული სისტემა იყოს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფაქტია, ამ მაჟორიტარული სისტემის პირობებში სიტუაცია საკმაოდ კონკურენტულია“, – განაცხადა ძიძიგურმა.