ზვიად ძიძიგური - მოსამართლეთა შერჩევის დროს გადაწყვეტილება გვარებზეც იქნება დამოკიდებული და კრიტერიუმებზეც
ზვიად ძიძიგური - მოსამართლეთა შერჩევის დროს გადაწყვეტილება გვარებზეც იქნება დამოკიდებული და კრიტერიუმებზეც

საპარლამენტო უმრავლესობაში შეთანხმებული ვართ, რომ მოსამართლეთა შერჩევის დროს გადაწყვეტილება გვარებზეც იქნება დამოკიდებული და კრიტერიუმებზეც, რომლებსაც შევიმუშავებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, თუ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება გვინდა, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი უნდა იყოს, ხელისუფლების აღმასრულებელი შტო ცალკე, საკანონმდებლო ცალკე და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული.

„თუ სასამართლო პარლამენტის ქვემდებარე იქნა, ასეთი სასამართლო ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს, მაგრამ რა თქმა უნდა, გვარებზეც არის დამოკიდებული, რადგან შეუძლებელია, უვადო მოსამართლედ იყოს ადამიანი, რომელთანაც ძალიან უპრინციპო და კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებია დაკავშირებული“, – განაცხადა ძიძიგურმა. 

მისი თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ის მონაპოვარი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უზრუნველყო.

„ქვეყანაში სასამართლოც დამოუკიდებელია, მედიაც და ბიზნესიც; აღმასრულებელი ხელისუფლება თავის ადგილზე დგას და საკანონმდებლო თავის ადგილზე“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.