ზვიად ძიძიგური - მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებთან ერთადაც შევქმნით ფრაქციას, არ უჭერდნენ მხარს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და მარიხუანას ლეგალიზებას
ზვიად ძიძიგური - მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებთან ერთადაც შევქმნით ფრაქციას, არ უჭერდნენ მხარს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და მარიხუანას ლეგალიზებას

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გადაწყვეტილებით, ამოვუშვით ბოთლიდან ჯინი, რომლის უკან ჩაგდებაც ძნელია, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

ძიძიგური მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

„იმ გადაწყვეტილებით, რაც პარლამენტმა პროპორციულის ჩაგდებით მიიღო, ამოვუშვით ბოთლიდან ჯინი, რომლის უკან ჩაგდებაც ძნელია. ეს იყო ისეთი პოლიტიკური შეცდომა, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ რვა წლის განმავლობაში „კონსერვატორები“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიყავით და პასუხისმგებლობას ერთად ვიღებდით, მე პირადად და ჩემმა ორმა მეგობარმა, არ ავიღეთ პასუხისმგებლობა ამ ტიპის გადაწყვეტილებაზე. ესაა დამაზიანებელი ქვეყნისთვის, მართველი პარტიისთვის და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა და აქვე დასძინა, რომ მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყნის გადასვლას.

„ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე თვის წინ ამბობდა, ჩვენ გავაკეთეთ რევოლუციური რეფორმაო. ეჭვის ქვეშ არასდროს დამიყენებია, რომ ჩვენ დავპირდებოდით საზოგადოებას და შემდეგ უკან წავიღებდით. პროპორციული სისტემა მნიშვნელოვანია, რადგან პოლიტიკური პარტიები განვითარდებიან“ ,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

რაც შეეხება ფრაქციის შექმნას, ძიძიგური ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. თუმცა, მისივე განმარტებით, ფრაქციას იმ ადამიანებთან ერთად შექმნის, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე „კონსერვატიული პარტიის“ ღირებულებებს იზიარებენ.

„მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებთან ერთდაც შევქმნით ფრაქციას, იყვნენ ჩვენივე პოზიციის მქონეები, მაგალითად, არ უჭერდნენ მხარს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, არ იყვნენ მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეები, იყვნენ ოჯახის, ჯარისა და იმ ღირებულებების მქონე, როგორც ეს ჩვენი -„ კონსერვატიული პარტიის“ ღირებულებებში აისახება. ეს არის ჩვენთვის ფილტრი, რომელიც გადაწყვეტილებას მიგვაღებინებს ფრაქციის ჩამოყალიბებაში. ფრაქციის შექმნა არ არის დამოკიდებული ჩვენზე, ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა რესურსი არსებობს პარლამენტში“ ,- განაცხადა განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.