ზვიად ძიძიგური - მიხეილ სააკაშვილს უნდა, ზუგდიდი თავისი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად აქციოს
ზვიად ძიძიგური - მიხეილ სააკაშვილს უნდა, ზუგდიდი თავისი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად აქციოს

მიხეილ სააკაშვილს უნდა, ზუგდიდი თავისი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად აქციოს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„ზუგდიდზე ჩვენს ოპონენტებს განსაკუთრებული სწორება აქვთ. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, პირველივე წელს, როცა აქედან წავიდა, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და სამი წელი გვიმტკიცებდა, რომ უკრაინის მოქალაქეა და უკრაინელი პოლიტიკოსია. ახლა, ეს უკრაინელი პოლიტიკოსი ისევ მობრუნდა საქართველოში და უნდა, ზუგდიდი თავისი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად აქციოს, მაგრამ ზუგდიდმა კარგად იცის, რა არის სიმშვიდე და სტაბილურობა. ამიტომ, ისინი აქ ვერავის აყოლიებას ვერ მოახერხებენ“, – განაცხადა ძიძიგურმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ შესაძლოა, შექმნილი ვითარება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს, ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ეს ასეა და ოპოზიციას სურს, ზუგდიდში წყალი რაც შეიძლება, მეტად აამღვრიოს, რათა მერე იქ თევზი დაიჭირონ.

„სააკაშვილის მთელი პოლიტიკური გეგმები ზუგდიდთან და ზუგდიდის არჩევნებთან არის დაკავშირებული. ქალბატონ სანდრას ჰყავს თავისი მხარდამჭერები, მაგრამ მოწინააღმდეგეები უფრო მეტი ჰყავს. იმიტომ, რომ ეს ქალაქი პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერით გამორჩეული ქალაქია და ეს ქალაქი ზვიად გამსახურდიაზე აუგად ნახსენებ არც ერთ სიტყვას არ პატიობს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, მმართველი გუნდის ოპონენტები ცდილობენ, ზუგდიდში დიდი რაოდენობით ადამიანები ჩაიყვანონ, რათა მათი თქმით, არჩევნები დაიცვან, მაგრამ გაყალბების თვალსაზრისით, ამ არჩევნებს დასაცავი არაფერი სჭირს.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი ტიპის გაყალბება არ გაუკეთებია და არც აპირებს არჩევნების შედეგებზე გავლენის ასე მოხდენას. ვინაიდან ამ პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობის საკმაოდ დიდხნიანი გამოცდილება გვაქვს, რა თქმა უნდა, პროვოკაციებისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ძიძიგურმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის კანდიდატი არის მთელი ზუგდიდისთვის მოსაწონი ღირსეული კანდიდატი, რომელიც აუცილებლად დადებს მაღალ შედეგს, რაც არჩევნებში კარგად გამოცდილმა ოპონენტებმა ზუსტად იციან და ცდილობენ, ეს არჩევნები წინასწარვე დაძაბულ, დარღვევებიან არჩევნებად გამოაცხადონ, რათა შემდეგ, ამით თავიანთი შედეგი „გააპრავონ“.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მეორე ტური, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ მეორე ტური არასდროს არ არის გამორიცხული.

დატოვე კომენტარი