ზვიად ძიძიგური - ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების ჩასაშლელად მსუყე საბაბი მისცა ოპოზიციას, რომელსაც ესიზმრებოდა, როგორ ჩაეშალა მოლაპარაკებები
ზვიად ძიძიგური - ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების ჩასაშლელად მსუყე საბაბი მისცა ოპოზიციას, რომელსაც ესიზმრებოდა, როგორ ჩაეშალა მოლაპარაკებები

„კონსერვატორების“ ლიდერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „კონსერვატორები“ მმართველ პარტიასთან ინდივიდუალურ შეხვედრებზე არ ყოფილან, თუმცა ამბობს, რომ პარტიებთან მსგავს შეხვედრებს მიესალმება.

„კონსერვატორები“ ასეთ შეხვედრაზე არ ვყოფილვართ, მაგრამ მივესალმებით იმას, რომ მსგავსი შეხვედრები პარტიებთან მიმდინარეობს, რადგან ოპოზიციური მაგიდა, რომელიც „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბება, არ არის ერთგვაროვანი. ვფიქრობ, ყველა პარტიას, რომლებიც იქ იკრიბება, თავიანთი სამომავლო ხედვები დამოუკიდებლად გააჩნიათ“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამასთან, ძიძიგური მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სინამდვილეში პროპორციული არჩევნები არ აწყობს.

„მინდა, სინანულით აღვნიშნო, რომ არის ერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც პროპორციული არჩევნები არ აწყობს, ეს შემიძლია დარწმუნებით გითხრათ. ეს არის „ნაცმოძრაობა“ და მიხელ სააკაშვილი. პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, მათ აღარ ექნებათ ფუნქცია, რაღაც მიტინგები, შეხვედრები, ექსესები და ასე შემდეგ მოაწყონ.

ძალიან დასანანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებსაც თვითონ ელანდებოდათ და ესიზმრებოდათ, როგორ უნდა ჩაეშალათ ეს მოლაპარაკებები, ასეთი მსუყე საბაბი მისცა მოლაპარაკებების ჩასაშლელად“ ,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.