ზვიად ძიძიგური - ხალხის ნებას პატივი უნდა სცეს ყველამ, მით უმეტეს პრეზიდენტმა
ზვიად ძიძიგური - ხალხის ნებას პატივი უნდა სცეს ყველამ, მით უმეტეს პრეზიდენტმა

აჭარის არჩევნები მოიგო “ქართულმა ოცნებამ” და იმ უმაღლეს საბჭოს აქვს პრეროგატივა მთავრობა და მისი მეთაური დაასახელოს, რომელიც აჭარაში მოქმედებს, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური.

„პრეზიდენტს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ მან კონსულტაციები ჩაატაროს სხვადასხვა ჯგუფებთან, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს მოსაზრება, რომელიც აჭარის უზენაეს საბჭოს ააქვს. სხვაგვარად დავინახავთ, რომ პრეზიდენტი ისევ ეჭიდება თავის ფორმალურ უფლებებს, რომელიც მას კონსტიტუციის მიხედვით აქვს. რჩება შთაბეჭდილება, რომ მარგველაშვილი მეხუთე წელია პრეზიდენტის პოსტს იკავებს, კონსტიტუცია კი ჯერ  არ აქვს ბოლომდე გათავისებული. რაც შეეხება აჭარაში პოლიტიკური ან სხვა ტიპის კრიზისს, ეს მოდით, ყველამ ერთად კატეგორიულად გამოვრიცხოთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ზვიად ძიძიგურმა.

მისი თქმით, ხალხის ნებას პატივი უნდა სცეს ყველამ და მით უმეტეს პრეზიდენტმა.

„ხალხმა გადაწყვიტა აერჩია აჭარის უზენაესი საბჭო ისეთი შემადგენლობით, როგორი შემადგენლობითაც აირჩია. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, როდესაც ხალხზე აპელირებას ვაკეთებთ, მაშინ უნდა დაუჯერო, რასაც ხალხი გეუბნება, ეს არის ძალიან მარტივი და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.