ზვიად ძიძიგური - ძალიან დაგვავალებს „ლელოს“ წარმომადგენელი, თუ კონკრეტულ მაგალითებს მოგვაწვდის, რა კორუფციული გარიგებები აღმოაჩინა
ზვიად ძიძიგური - ძალიან დაგვავალებს „ლელოს“ წარმომადგენელი, თუ კონკრეტულ მაგალითებს მოგვაწვდის, რა კორუფციული გარიგებები აღმოაჩინა

ძალიან დაგვავალებს ქალბატონი ენუქიძე, თუკი კონკრეტულ მაგალითებს მოგვაწვდის, თუ როგორი ტიპის კორუფციული გარიგებები აღმოაჩინა მან. პირველ რიგში ვინც არის დაინტერესებული კორუფციული ფაქტების გამოვლინებით, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია და ვფიქრობ, ამით კარგ საქმეს გააკეთებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლის, ქეთევან ენუქიძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

საზოგადოებრივმა მოძრაობა „ლელომ“ ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაძლო კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. „ლელოს“ წევრის, ქეთევან ენუქიძის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების საეჭვო და დაუსაბუთებელი პრაქტიკა ინფრასტრუქტურის სამინისტროში ნეპოტიზმისა და კორუფციის რისკებს აჩენს.

ზვიად ძიძიგურის თქმით, მაია ცქიტიშვილი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობს, წარმატებული მინისტრია.

„რაც შეეხება ზოგად ლაპარაკს და დადანაშაულებას კორუფციაში, მინდა, გითხრათ, რომ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური მინისტრი. ბოლო პერიოდის პარლამენტში მისი გამოსვლაც ამას ადასტურებს და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იმდენი რამ კეთდება ბოლო წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. მოსახლეობასთან შეხვედრების დროსაც მოსახლეობა გამოთქვამდა კმაყოფილებას, იმდენი გზა არის უკვე გაკეთებულ არა რაიონული დატვირთვით, არამედ სოფლის გზები კეთდება. რეგიონალური განვითარების ფონდმა 400 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა და უპრეცედენტო რაოდენობის თანხა აქვს ათვისებული ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ამიტომ ვფიქრობ,  ქალბატონ მაია ცქიტიშვილსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც მოვუწოდოთ, ეს ტემპები არ შეამცირონ, პირიქით, გაზარდონ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.