ზვიად ძიძიგური - 2020 წლისთვის ქვეყანა გადადის პროპორციულ არჩევნებზე, რაც „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა
ზვიად ძიძიგური - 2020 წლისთვის ქვეყანა გადადის პროპორციულ არჩევნებზე, რაც „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა

ქართული პოლიტიკისთვის უმნიშვნელოვანესი სიახლეა – 2020 წლისთვის ქვეყანა გადადის პროპორციულ არჩევნებზე, ეს არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რაც ახალი რეალობის, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დანახული პოლიტიკური ცხოვრება, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც მან დაუშვა კოალიციის, მეტი ახალი პოლიტიკური ძალისა და ახალი პოლიტიკური სუბიექტის შემოსვლის შესაძლებლობა.

„ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ორპოლუსიან პოლიტიკურ სისტემას პრაქტიკულად მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სისტემით შეცვლის და საქართველოს მომავალ პარლამენტში, 2020 წლის არჩევნების შედეგად, გაცილებით მეტი პოლიტიკური სუბიექტით იქნება დაკომპლექტებული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ინიციატივის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და მისი დღევანდელი ინტერვიუც სულისკვეთებას ამ პოლიტიკურ ნაწილში სრულიად შეესაბამება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის მიერ 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშანი არავის აქვს  პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებას, ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა და ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებაში კითხვის ნიშანი არავის აქვს, რომ ძალა, რომელიც პოლიციამ გამოიყენა, იყო ლეგიტიმური. თემა, რომელზეც ოპონენტები აპელირებენ, შეეხება იმას, თუ რამდენად პროპორციულად გამოიყენა პოლიციამ ძალა. ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, გამოძიება პასუხს გასცემს. საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს, დაკავებული არიან პოლიციის თანამშრომლები, ის ადამიანებიც, ვინც პოლიციაზე ძალადობას ახორციელებდა, – დანარჩენი გამოძიების გადასაწყვეტია“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.