ზვიად დევდარიანი - მმართველი გუნდი ჩემი წარდგენით უკმაყოფილო იყო, საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ჯგუფს ლომჯარიაზე დარტყმა სურდა, საბანკო ოპერაციების დროსაც კი პრობლემები შემექმნა
ზვიად დევდარიანი - მმართველი გუნდი ჩემი წარდგენით უკმაყოფილო იყო, საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ჯგუფს ლომჯარიაზე დარტყმა სურდა, საბანკო ოპერაციების დროსაც კი პრობლემები შემექმნა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა“–ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი აცხადებს, რომ მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების უკან რამდენიმე დაინტერესებული ჯგუფი დგას, რომელთა მიზანი დევდარიანის რეპუტაციის განადგურება იყო.

როგორც  “სიდა“–ს ყოფილმა ხელმძღვანელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ აღნიშნა, ამ პროცესის ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე საპარლამენტო უმრავლესობა იყო.

დევდარიანის მტკიცებით, საპარლამენტო კულუარებიდან ზუსტად იცის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად მისი წარდგენით მმართველი გუნდი სერიოზულად იყო უკმაყოფილო.

გარდა ამისა, ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით კიდევ ერთი დაინტერესებული მხარე ერთ-ერთი საპარლამენტო ოპოზიციური გუნდი და მასთან ასოცირებული ჯგუფები იყვნენ, რომელთაც სხვა ინტერესი ჰქონდათ, კერძოდ, დევდარიანზე დარტყმის მიყენებით დარტყმას სახალხო დამცველს აყენებდნენ.

„ვიცით, რომ სახალხო დამცველი უმრავლესობის მიერ იყო მხარდაჭერილი, მაგრამ მხარდაჭერილი არ იყო ყველა ოპოზიციური პარტიის მხრიდან და ამ კონკრეტულ ოპოზიციურ ჯგუფს დარტყმის მიყენება სურდა როგორც სახალხო დამცველზე, ასევე ძლიერ, აქტიურ სამოქალაქო ჯგუფზე. 

ეს არის საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომელიც ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურსა და ფაქტობრივად, ჩვენს ურთიერთობას ურტყამდა. შეტევა იყო გიგაური–ლომჯარია–დევდარიანის რაღაც გუნდზე, არადა ეს გუნდი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც წლებია არსებობს“, – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

დევდარიანის მტკიცებით, მისი რეპუტაციის განადგურებით დაინტერესებული ჯგუფები პროცესებში სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ჩაერთნენ, მათ შორის მედიის, პიარისა და სოციალურ ქსელებში თავიანთი გავლენების გამოყენებით.

„ჩემი ინფორმაციით, როცა ეს თემა წამოიწია, კონკრეტული პიარ–ჯგუფების ჩართვითა და მექანიზმებით, მაქსიმალურად იყო გარანტირებული, ეს თემები მედიაში ძალიან აქტიურად გაშუქებულიყო“, – განაცხადა დევდარიანმა.

„სიდა“-ს დირექტორი ასევე ამბობს, რომ მას პრობლემები შეექმნა საბანკო ოპერაციების შესრულების დროს.

„როგორც კი ეს ამბავი დაიწყო, ფაქტობრივად, მეორე დღიდანვე საბანკო ოპერაციების გაკეთება შემეზღუდა. ეს იყო ძალიან უცნაური იყო. ჩემი ფაქსიმილია გაქრა და სამი დღის განმავლობაში საკუთარი საქმიანობის განხორციელება მე კი არა, ორგანიზაციას შეეზღუდა. რაც მოხდა, ამას ვერ გვიხსნიდნენ და სხვადასხვა ვერსიას გვეუბნებოდნენ მაშინ, როცა ჩვენი საბანკო საქმიანობის პირობებში რაღაც ტექნიკური თემები საათებში წყდება. ეს ყველაფერი ძალიან დიდ კითხვის ნიშანს მიჩენს“, – განაცხადა დევდარიანმა.

გარდა ამისა, ზვიად დევდარიანმა აღნიშნა, რომ დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ, მიიღო ინფორმაცია, რომ ერთ–ერთ ძალოვან სტრუქტურაში მის წინააღმდეგ კომპრომატები არსებობდა.

„რამდენიმე წყაროდან გავიგე, რომ უსაფრთხოების სამსახურებში ჩემთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება ხდება. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა გადაწყვეტილება მივიღე, ჩემი ფეისბუქგვერდი დამეხურა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს საქმეში კონკრეტული უსაფრთხოების სამსახურების ინტერესიც იყო“, – განაცხადა დევდარიანმა.