ზვიად დევდარიანი - მეუღლესთან ერთად, ძალიან მძიმე პერიოდის გადატანა მიწევს, ჩემი შვილებისთვისაც ეს სერიოზული ტრავმაა
ზვიად დევდარიანი - მეუღლესთან ერთად, ძალიან მძიმე პერიოდის გადატანა მიწევს, ჩემი შვილებისთვისაც ეს სერიოზული ტრავმაა

ძალიან რთული პერიოდი მაქვს. ბოლო ორი კვირა ერთ–ერთი ყველაზე მძიმეა, რაც ოდესმე ჩემს ცხოვრებაში ყოფილა, რადგან ყველაფერი, რაც 40 წლის ასაკში შემიქმნია, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“–ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩემი სამსახური, მათ შორის ორგანიზაცია, რომელსაც ოცი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩემი ოჯახის არსებობა–არარსებობის საკითხი. ფაქტია, ამ ტიპის დარტყმა მხოლოდ ერთ ადამიანზე დარტყმა არ არის. ეს ავტომატურად, ოჯახზე მიყენებული დარტყმაცაა. მეუღლესთან ერთად, ძალიან მძიმე პერიოდის გადატანა მიწევს და მათ შორის ჩემი შვილებისთვისაც ეს ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმაა“, – განაცხადა დევდარიანმა.

როგორც „სიდა“–ს ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, დღეს ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მასზე ქილიკი დაიწყეს. 

„ამას იმ ხალხის გასაგონად ვამბობ, ვისაც ხელაღებით შეუძლიათ, განაჩენი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამოგიტანონ და არა პირადი ტრავმა მოგისაჯონ, არამედ ამ ტრავმისთვის შენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები გაწირონ. ჩემი პრესკონფერენციის შემდეგ სოციალურ ქსელში წერდნენ, ძალიან გვაინტერესებს, მისმა ხუთი თვის შვილმა რა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოო“, – განაცხადა დევდარიანმა.

როგორც დევდარიანმა აღნიშნა, მისთვის სრულიად წარმოუდგენელია, რომ მთლიანად ამ პროცესს თან სდევს სიცივე და გულგრილობა.

„წარმოიდგინეთ მდგომარეობა, ამ მძიმე პერიოდში, ორ–სამ დღეში მართლა ყველაფერი რომ თავზე გენგრევა, მეორე, ან მესამე დღეს საკუთარი მეუღლე გვერდით ოთახში მესიჯს გწერს, რომ 11 წლის შვილი მასთან მივიდა და უთხრა, რომ სკოლასა თუ ქუჩაში მისმა თანატოლებმა ძალიან ცუდად მოიხსენიეს მამამისი, რომელზეც მას ბუნებრივია, მზე და მთვარე ამოსდის. ბავშვი ჩემთან ვერ მოვიდა და ვერ მკითხა, ამიტომ დედას ჰკითხა, რა ხდებაო. მეორე დღეს მეუღლისგან ასევე მომივიდა შეტყობინება, რომ ნერვიულობის ნიადაგზე რძე უშრება და ხუთი თვის ბავშვმა წონაში კლება დაიწყო“, – განაცხადა დევდარიანმა.

როგორც „სიდა“-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, სწორედ ამ მძიმე დღეებმა მისცა ენერგია, რომ სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოლოს.