ზვიად ჭუმბურიძე - ჩვენი კომპანიების ევროპის ბაზარზე გაყვანა რეფორმების ხარჯზე უნდა მოხდეს
ზვიად ჭუმბურიძე - ჩვენი კომპანიების ევროპის ბაზარზე გაყვანა რეფორმების ხარჯზე უნდა მოხდეს

ქართული კომპანიების ევროპულ ბაზარზე შესვლის წახალისება მხოლოდ და მხოლოდ რეფორმების ხარჯზე უნდა განხორციელდეს, რადგან ევროპის ბაზარზე ადგილის დამკვიდრება ქვეყნის განვითარების და გადარჩენის ერთადერთი გზაა, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოს ევროკავშირთან ბიზნესურთიერთობების მნიშვნელობა, პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საქართველო ჯერ ბოლომდე ვერ იყენებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მიერ შექმნილ პერსპექტივებს, რადგან, როდესაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, არც მთავრობა და არც ბიზნესი პოტენციური სარგებლის ასათვისებლად მზად არ იყო.

„საქართველო არის ევროპის ნაწილი და ის ისტორიული არჩევანი, რაც თითქმის 30 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გავაკეთეთ, პრაქტიკულად არის საკმაოდ რთული პროცესი, რადგან ჩვენ იმ დიდი იმპერიის ნაწილი ვიყავით, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა და იმ ათწლეულებმა არა მარტო ჩვენი ეკონომიკა, არამედ მენტალიტეტი შეცვალა. მერე მოგვიწია სხვა რეჟიმში აზროვნება და ცხოვრება, რაც მარტივი არ იყო. ეს არის გარდაუვალი პროცესი, რომელიც უნდა შევასრულოთ, რომ ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრონ“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.

მისი განმარტებით, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივამ დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) ე.წ. პოსტსაბჭოური სივრცის დაბალ სტანდარტებს მიჩვეული ქართული ბიზნესი დილემის წინაშე დააყენა: ერთის მხრივ იყო სტაბილური, მაგრამ მაღალი სტანდარტის და ხარისხის მქონე პროდუქციაზე ორიენტირებული ევროპული ბაზარი და მეორეს მხრივ ფაქტობრივად სტანდარტს მოკლებული მარტივად შეღწევადი, მაგრამ არასტაბილური დსთ-ის ბაზარი.

„და გაჩნდა დილემა ჩვენთვის: რა ჯობია – ევროპის ბაზარზე გრძელვადიანი ჩვენი ქვეყნისთვის და შთამომავლობისთვის სერიოზული ნიშა დავიჭიროთ, თუ ავირჩიოთ დსთ-ის ბაზარი, რომელიც არ არის სტაბილური. მაგალითად რუსეთის ბაზარს მოვიყვან, სადაც პროდუქცია შეიძლება ერთჯერადად, თუნდაც რამდენჯერმე გაყიდო, მაგრამ ეს შემდეგ უცებ ჩაიჭრას და პარტნიორის გარეშე დარჩე. დსთ-ის ბაზარზე პირდაპირ ვთქვათ, არავითარი სტანდარტიზაცია და ზედმეტი სერტიფიცირების მოთხოვნა არ არის და ეს ვაჭრობას ამარტივებს. მაგრამ ბიზნესმენები ქვეყნისთვის სწორედ ის შემოქმედები უნდა გახდნენ, რასაც ქვეყნის განვითარება ჰქვია. უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ, რომ თუ გინდა დამოუკიდებელი ქვეყანა იყო, ყველაზე მთავარია ევროპელ პარტნიორებთან გქონდეს დამოკიდებულება და ევროპაში ნიშა დაიკავო“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალური მდივნის მოსაზრებით, ევროპის ბაზრისკენ მიმავალი გზა მხოლოდ რეფორმებზე გადის.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, არც სახელმწიფო და მთავრობა იყო მზად, რადგან ეს ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევა იყო. ამიტომ აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ რეფორმები და ევროპაში ჩვენი კომპანიების რეფორმების ხარჯზე გაყვანა. რა სახის რეფორმა შეიძლება გატარდეს? მე ვიტყოდი, რომ თუ გვინდა ბიზნესს რაღაც წახალისება მივცეთ, აუცილებლად შეღავათი უნდა დაუწესდეს იმ კომპანიებს, რომლებიც ევროპასთან ვაჭრობენ და ევროპულ ქვეყნებთან ბრუნვას ინტენსიურად ზრდიან. არ ვიცი ეს რა იქნება, ეს მთავრობის ფუნქციაა მოიფიქროს, თუნდაც საგადასახადო შეღავათი მისცეს, ვინც ევროპულ ბაზარზე შევიდა. ფისკალური შეღავათები ინფრასტრუქტურასთან უნდა იყოს თანხვედრაში. ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ შავი ზღვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ, რომელიც ევროპასთან მხოლოდ ჩვენს ქვეყანას კი არ აკავშირებს, არამედ რეგიონს. სამწუხაროდ ამ ჰაბს მინიმალურად ვიყენებთ. ევროპასთან დაახლოება ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, მაგრამ ეს არის ამ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანას კრიზისული ვითარებიდან გამოიყვანს“, – განუცხადა ზვიად ჭუმბურიძემ „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი