ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი პირის საქმეზე განაჩენი 2 სექტემბერს გამოცხადდება

16:51, 27.08.2025

ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი პირის საქმეზე განაჩენი 2 სექტემბერს გამოცხადდება. განაჩენს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი გამოაცხადებს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართეს.

როგორც ბრალდებულებმა განაცხადეს, ისინი უდანაშაულოები არიან და ცხრა თვის განმავლობაში მათი დანაშაულის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ ნახეს.

ზვიად ცეცხლაძემ საბოლოო სიტყვაში საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა.

„როცა პროკურორების სიტყვას ვუსმენდი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს რამდენიმე ათეული ადამიანი გამოვიდა რუსთაველზე, გადაუარეს რუსთაველს, ააოხრეს და წავიდნენ. თითქოს აქამდე არაფერი მომხდარა ან მათ წინააღმდეგ რაიმე ქმედება არ იყო ჩადენილი. ჩემი, ზვიად ცეცხლაძის ერთადერთი მოტივი არის, რომ რაიმე დადებითი შევძინო ამ ქვეყანას და შევძინო პიროვნულად მე. ერთადერთი იდეა, რაც მამოძრავებდა, იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფორმა, რის შესახებაც იურისპრუდენციის საწყისებში შევიტყვე, ნაშრომებში წავიკითხე, როგორ შეიძლება დაუპირისპირდეს საზოგადოება ხელისუფლებას და კანონებს. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არ არის ანარქია, ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტები უნდა გაჯანსაღდნენ. ჩემთვის ამის მაგალითი სოკრატეს აპოლოგიაა და კარგად მივხვდებით, წინააღმდეგობა რა ფუნდამენტზე დგას. მე, მოქალაქე, რომელიც მთელი ცხოვრება ათენის კანონებს ვემსახურებოდი, მე რომ ეს კანონები ჩამოვშალო და გავიქცე, დავანგრევ ათენის დემოკრატიის ინსტიტუტს და მე არ შემიძლია, ეს დავუშვა. სოკრატეს უდანაშაულობაც კი არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ეს ინსტიტუტი ჩამოეშალა, როცა საქმიანობა ამ ინსტიტუტის გაჯანსაღებას ემსახურებოდა. ამაზე იდგა ჩემი და ახალგაზრდების ემოციური ფონი, რომლებიც გამოვიდნენ, რადგან უნდოდათ, უკეთესობისკენ შეეცვალათ რაიმე“, – განაცხადა ცეცხლაძემ.

ბრალდებულმა ვასილ კაძელაშვილმა განაცხადა, რომ ორგანიზების ბრალდებას არ აღიარებს და ახალგაზრდების მოქმედებებს ორგანიზებას ვერ გაუწევდა.

„მადლობა მათ, ვინც უდანაშაულობის გამო ქუჩაში დგახართ, აქ მოდიხართ, მხარს გვიჭერთ, ჩემი შვილის ტოლები რომ მოდიან პროცესზე. მადლობა თქვენ, მადლობა მოსამართლეს, ადვოკატებს, რომ იბრძვით სიმართლისთვის. გაუმარჯოს თავისუფლებას, რისთვისას იბრძვით. ისეთი ცხოვრება მქონდა, მშობლები ადრეულ ასაკში დავკარგე, 18 წელი თბილისის „დინამოში“  წყალბურთელი ვიყავი, ზოგს სპორტით გვინდოდა ქვეყნის წინ წაწევა. ვერასოდეს ვიტანდი ძალადობას, ისეთ ბრალდებას მიყენებენ, თითქოს, მე ვაორგანიზებდი ახალგაზრდებს. ამათ დასაორგანიზებელი არაფერი აქვთ, ამათ ვერავინ დაეწევა. პირველ ინფორმაციას პროპაგანდისტული ტელევიზიებისგან კი არ იღებენ, ოფიციალურ წყაროებში შედიან, ამათ ვერავინ მოატყუებს.

კადრები რომ გავიდა, მითხრეს, რომ წავსულიყავი, მაგრამ სიმართლეს და ტყუილს შორის ვამჯობინე სიმართლე და დავრჩი. მეორე დილას მეზობელმა დამირეკა, შეხვედრა მინდაო, ახლო ურთიერთობა არ მქონდა და გამიკვირდა. 16 კვადრატში ექვსი კაცი რომ არის და 40 გრადუსი სიცხეა, ტარაკნები გამოდიან, ეს წამებაა. ეს ახალგაზრდები ცხოვრებით, მშობლების სიყვარულით უნდა ტკბებოდნენ და ამას არ იმსახურებენ“, – განაცხადა კაძელაშვილმა.

ბრალდებულმა ირაკლი მიმინოშვილმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ დანაშაულს არ აღიარებს.

„თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ცხრა თვის განმავლობაში ვერ მივხვდი, აქ რის გამო ვარ. მადლობა, რომ კარგი ადამიანები გამაცანით. დიდ ძალას მმატებს ხალხის მხარდაჭერა, ვინც დგას და ჩვენი ბანერები უკავია“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

მსგავსი