ზვავის ხელოვნურად ჩამოშლის შედეგად, გუდაური-კობისა და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე გზა სრულად გაიწმინდა
ზვავის ხელოვნურად ჩამოშლის შედეგად, გუდაური-კობისა და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე გზა სრულად გაიწმინდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს.
„გუდაური-კობისა და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე გზის სრულად გაწმენდა ზვავის ხელოვნურად ჩამოშლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ზვავსაშიშროების გამო გზის ამ მონაკვეთებზე რამდენიმე დღით შეფერხდა მოძრაობა. ამან გამოიწვია რამდენიმე ათეული მსუბუქი და სატვირთო მანქანის გაჩერება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კომპანია „მაუნთინ რეზორთ სოლუშენის“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტებმა კობის ხეობაში ვერტმფრენიდან საჰაერო აფეთქებების საშუალებით გამოიწვიეს ფერდობებზე თოვლის ჩამოშლა, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კი სპეციალური ტექნიკით მოკლე დროში დაასრულა გზის წმენდა.
ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გაიხსნა მოძრაობა და მსუბუქ მანქანებთან ერთად შემოვიდა ტვირთი, რითიც ქვეყანაში სასურსათო მარაგები შეივსება“, – აცხადებენ სამინისტროში.