ზურიკო დავითაშვილი - სასიამოვნოა გატანა, მაგრამ ჩემთვის მთავარი გუნდის ინტერესებია [ვიდეო] #1TVSPORT
„ხიმკი“-„არსენალის“ (1:2) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ტელეკომპანია „მატჩ პრემიერის“ ეთერში განვლილ მატჩზე ისაუბრა:
– ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ძალიან მიხარია, რომ მოვიგეთ და სამი მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. სასიამოვნოა გატანა, მაგრამ ჩემთვის მთავარი გამარჯვება და გუნდის ინტერესებია.
– ძირითად შემადგენლობაში გუნდის ლიდერის, ხლუსევიჩის ნაცვლად იყავი. ეს, ალბათ, დამატებითი ტვირთია, რადგან ის გუნდისთვის ბევრს აკეთებს და შენგენაც ასევე ძალიან ბევრს მოითხოვენ.
– ყოველთვის რთულია, როცა გამოდიხარ ფეხბურთელის ნაცვლად, რომელიც კარგად თამაშობს. ვფიქრობ, მეც ყველაფერი კარგად გამომივიდა.
– პირველ ტაიმში მარჯვენა ფლანგზე ითამაშე, შესვენების შემდეგ მწვრთნელმა მარცხენაზე გადაგიყვანა. ასე რატომ მოხდა?
– ფლანგების შეცვლა მწვრთნელის მოთხოვნა იყო. ამან შედეგი მოგვიტანა.
– მარცხნივ თამაშის წინააღმდეგი არ იყავი?
– რა თქმა უნდა არა. თავს კიდევ უკეთ ვგრძნობდი.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ხიმკის“ ეფექტური გოლი გაუტანა, ხოლო 90-ე წუთზე მასპინძელთა მოთამაშე ბრაიან იდოუ მოედნიდან მასთან უხეშობისთვის გააგდეს. ტულის „არსენალმა“ 2:1 მოიგო, ხოლო რუსეთის პრემიერლიგის პარტნიორმა „მატჩ პრემიერმა“ 20 წლის ქართველი ფეხბურთელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.