გოლს პლუს გაგდებული მეტოქე - დავითაშვილმა „არსენალს“ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT 

ზურიკო დავითაშვილმა ტულას „არსენალში“ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ქართველი შემტევი „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. მისი გუნდი „ხიმკის“ ესტუმრა. „არენა ხიმკიზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა პირველ ტაიმში გახსნეს. 36-ე წუთზე ტულას გუნდს რეზიუან მირზოვმა გაუტანა.

ზურიკო დავითაშვილი მეორე ტაიმში გააქტიურდა, თავი კი 61-ე წუთზე გამოიჩინა. მას შეტევა კინგს კანგვამ გაუგრძელა და მერე ზურიკომ პატარა შოუ დადგა – ლამაზი მოძრაობებით დავითაშვილმა სამი მეტოქე უსაქმოდ დატოვა და საჯარიმო მოედნის ხაზიდან კარის შორეულ ზედა კუთხეში დაარტყა – 1:1.

87-ე წუთზე კინგს კანგვამ კიდევ ერთი გადაცემა გააკეთა – ბურთი უფროს ძმას, ევანს კანგვას გადაუგდო, რომელმაც შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა და ბადე შეარხია. 90-ე წუთზე მასპინძელთა მოთამაშე ბრაიან იდოუ მოდნიდან გააგდეს, რადგან ფლანგზე დავითაშვილს ვერ დაეწია, წააქცია და მოედანი დატოვა.

საბოლოოდ, ტულას „არსენალმა“ შეხვედრა 2:1 მოიგო, 17 ტურის შემდეგ 19 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზე დაწინაურდა. დავითაშვილმა რუსეთის ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და მე-3 გოლი გაიტანა.