ტარიელ ხეჩიკაშვილი – ეს გამარჯვება გიორგი ნემსაძეს ეძღვნება, რომელიც „იბერიის“ დიდი გულშემატკივარი იყო #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა კონფერენსლიგაზე „ხეტაფესთან“ მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა – თბილისური გუნდი პირველი ქართული კლუბია, რომელმაც ევროტურნირის ძირითად ეტაპზე სამი ქულა მოიპოვა.
„ჩვენი მეტოქე, „ხეტაფე“ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში, ლა ლიგაში თამაშობს და, ბუნებრივია, ამ მატჩამდე უმრავლესობა მას ფავორიტად მიიჩნევდა. თუმცა სამწვრთნელო შტაბმა და ბიჭებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს და გაახარეს ქართველი გულშემატკივარი, რომელსაც თანადგომისთვის ჩვენგან უდიდესი მადლობა ეკუთვნის. მათ გარეშე ეს მოგება წარმოუდგენელი იქნებოდა.
„იბერიის“ გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი მატჩების შემდეგ გულშემატკივრებში იმედგაცრუება იგრძნობა. თუმცა მჯერა, რომ ეს დროებითია და ქართულ ფეხბურთს უფრო დიდი გამარჯვებები ელის.
ამის დასტურია ისიც, რომ „იბერიის“ ძირითად შემადგენლობაში მყოფი 11 ფეხბურთელიდან ცხრა ქართველი იყო, მათი უმრავლესობა კი „იბერიის“ აკადემიის აღზრდილი გახლდათ. ასეთი რამ თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში იშვიათობაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს გამარჯვება იმ კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართული ფეხბურთის პერსპექტივა გამოჩნდა. იმედია, წინ კიდევ უფრო მეტი სიხარული გველის.
თამაშამდე ჩვენ გვერდით იყო ქართული ფეხბურთის ლეგენდა ალექსანდრე ჩივაძე, რომელიც იმ თბილისის „დინამოს“ კაპიტანი გახლდათ, რომელმაც ფეხბურთი შემაყვარა. მან ახლახან გარდაცვლილი გოჩა მაჩაიძე და კიდევ რამდენიმე ქართველი ვარსკვლავი გაიხსენა.
ეს გამარჯვება მათ და, უპირველესად, გიორგი ნემსაძეს ეძღვნება, რომელიც „იბერიის“ აკადემიისა და გუნდის ჩამოყალიბების სათავეებთან იდგა და ჩვენი დიდი გულშემატკივარი იყო“, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.