ზურიკო დავითაშვილი – ეროვნულ ნაკრებში თამაში მოგვენატრა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე. ფრანგული „სენტ-ეტიენის“ შემტევი ნახევარმცველის თქმით, ეროვნული გუნდის მოთამაშეები კარგი ფორმაში არიან და იმედოვნებს, რომ ეს სანაკრებო შეხვედრებშიც გამოჩნდება.
„ამ მატჩებს ძალიან დიდი ხანი ველოდებით. ხანგრძლივი პაუზა იყო და ეროვნულ ნაკრებში თამაში მოგვენატრა. ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშებიც გვაქვს. B ლიგაში დარჩენა გვჭირდება, რადგან C ლიგასთან შედარებით გუნდების დონე უფრო მაღალია.
ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. პირადად მე კარგ ფორმაში ვარ, ბიჭებიც შედეგიანად თამაშობენ და იმედია, ეს სომხეთთან თამაშშიც გამოჩნდება“, – განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს 20 მარტს – ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ფოტო: Nakrebi.ge