ზურაბ ზვიადაური - პირველი ოლიმპიური ოქრო დამოუკიდებელი საქართველოს სახელით (ვიდეო)
ზურაბ ზვიადაური - პირველი ოლიმპიური ოქრო დამოუკიდებელი საქართველოს სახელით (ვიდეო)

მას შემდეგ, რაც საქართველომ ოლიმპიადებზე დამოუკიდებლად ასპარეზობის უფლება მოიპოვა, დიდხანს ველოდით პირველ ოლიმპიურ ოქროს. 1996 ატლანტაში, ხოლო 2000 წელს სიდნეიში ქართველი სპორტსმენები მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ერთხელაც ვერ ავიდნენ.

2004 წელს ოლიმპიური თამაშები სამშობლოს დაუბრუნდა – დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით პირველი ოლიმპიური ოქროც ათენში, ზუსტად 16 წლის წინ, 18 აგვისტოს მოვიპოვეთ: ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა ფინალში იაპონელი ჰიროში იზუმი 3 წუთსა და 3 წამში ეფექტური იპონით დაამარცხა.

ამ შეხვედრის ვიდეოდან, გემახსოვრებათ ფოტოაპარატმომარჯვებული ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ვაჟა დანელია, რომელმაც ფინალის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა. აი, როგორ იხსენებს იგი 2004 წლის 18 აგვისტოს:

„ოლიმპიკ ჩამპიონ ზურაბ ზვიადაური!“ – დიქტორი ქალბატონის – კიმ ვილინგჰემის  მჭექარე ხმას მაყურებელთა მქუხარე ოვაცია მოჰყვა. „ანო ლიოსიას“ ოლიმპიური სპორტის სასახლის ექვსი ათასამდე გულშემატკივრით გადაჭედილი ტრიბუნები ერთიანად ფეხზე წამოიმართა. დარბაზში ქართული ხუთჯვრიანი დროშა აფრიალდა და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდა.  დამბურძგლა. საოცარი სანახავი იყო ყოველივე ეს. მსგავსი რამ, რაც იმ დარბაზში ვიგრძენი, არასდროს განმიცდია.”